34:33 თუ 36:37, ანუ ვინაა წინ სამხრეთამერიკულ სუპერკლასიკოში

 ნოემბრის მეორე ნახევარი მსოფლიოს უპრინციპულესი საფეხბურთო დაპირისპირებებით აღინიშნა.

იტალიაში რომამ შეაჩერა თანაქალაქელი ლაციოს ტრიუმფალური სვლა, მერე მილანმა მოუგო “დერბი მადონინა” ინტერს და ეჭვქვეშ დააყენა მეტოქის ესპანელი თავკაცის ბენიტესის კვალიფიკაცია და მეზობელთა საჩემპიონო ამბიციები. ინგლისში მანჩესტერული კლუბების დუელი უგოლოდ დასრულდა, ლონდონში კი ტოტენჰემმა სტუმრად მოუგო არსენალს; არგენტინულ სუპერკლასიკოში მწვრთნელდათხოვნილმა რივერმა დაამარცხა ბოკა და მისი თავკაცი ბორხი შეიწირა; მექსიკის პლეიოფში პუმასმა გამოაგდო რეგულარულის მომგები კრუს ასული...
 
არანაკლები ემოციები დაიხარჯა სანაკრებო დონეზეც. ფრანგებმა ინგლისში მოიგეს, პორტუგალიამ ესპანეთს გადაუარა და სამხრეთაფრიკული ტრიუმფიდან ოთხი თვის თავზე ვისენტე დელ ბოსკეს საქმე საბოდიშოდ გაუხადა (არგენტინასთან 1:4, მეზობლებთან 0:4).
 
და მთავარი ჯახი – როგორც იქნა, არგენტინამ ნავსი გატეხა და მეზობელ ბრაზილიას დოჰაში 1:0 მოუგო, რასაც “ალბისელესტე” და მისი თაყვანისმცემლები 2005 წლიდან ელოდნენ! ანუ იმ დროიდან, როდესაც პეკერმანის გაწვრთნილმა გუნდმა გერმანიის მუნდიალის შესარჩევში 3:1 აჯობა “კანარინიას”. მას მერე მსგავსი აღარაფერი მომხდარა, ბრაზილია უპრინციპულეს მეტოქეს ყველა შეჯიბრებაში თუ ამხანაგურში ჯაბნიდა – 3:0 ჩვეულებრივ ანგარიშად იქცა და 2 ფრეც კი არგენტინელთა აქტივში იწერებოდა. ამასთან, ორივე მოსაგები იყო, მაგრამ ბრაზილიამ ჯერ 2005 წლის კოპა ამერიკას ფინალში გაათანაბრა ბოლო წამზე (2:2 და პენალტებით მოიგო), მერე კი ბოლო მსოფლიო პირველობის საშინაო პაექრობაში გაჭირვებით შეინახა კარი მშრალად. სამაგიეროდ,
 
პენტაკამპეონმა ალფიო ბასილე შეარცხვინა ორჯერ (3:0 კოპა ამერიკა 2007 ფინალში, და ლონდონურ ამხანაგურში), თითოჯერაც პეკერმანი (2005 წლის 4:1 კონფედერაციათა თასის ფინალში) და მარადონა (3:1 ბოლო შესარჩევში), სანუგეშოდ კი არგენტინას პეკინის ოლიმპიდაზე “მინი რევანში” (რონალდინიოიან ბრაზილიასთან 3:0) და ახალგაზრდულ პირველობებზე გამარჯვებები დარჩა...
 
ახლა უკვე არგენტინელებს დაუდგათ ზეიმის დრო! აბსოლუტურად თანაბარი მატჩის ბედი გენიოსის მორიგმა შედევრმა განსაზღვრა – 91-ე წუთზე ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომ დაუდგა პრინციპული სანაკრებო გოლის გატანის დრო, ცენტრიდან წაიღო ბურთი მეტოქის საჯარიმომდე, ფეხებზე დაიკიდა 4 ყვითელფორმიანი და დაბალ კუთხეში შეუგორა გამარჯვებულის სახელის მატარებელ ვიქტორს! 5 წუთში ბრაზილიის თავგადაკლულმა ფანმა გიგა ბედინეიშვილმა ალბანეთიდან გამომიგზავნა sms: What a fucking genius! მოდი და ნუ დაეთანხმები!
 
ახლა ურთიერთშეხვედრებში არგენტინული ვერსიით არგენტინა ლიდერობს – 34:33, ბრაზილიურით – ბრაზილია 37:36!
დღეს ესპანეთის დამმარცხებელთა სუპერვარსკვლავები – მესი და რონალდო კატალონიის დედაქალაქში გასამართ პირად დუელში გამოავლენენ კიდევ ერთი კლასიკოს გამარჯვებულს – ბარსა თუ რეალი? ეს კითხვა აღელვებს ახლა მთელ საფეხბურთო სამყაროს...
 
...ჩვენთან კი დინამო იყიდება სიმბოლურ ფასად...
 
P.S. ჰო, დერბის თემაზე საუბარში კინაღამ მთავარი დამავიწყდა – საქართველომ სტუმრად მოუგო სლოვენიას. ლორიამ პენალტი აიღო, ჩვენ ერთ წუთში გატანილი დუბლით წაგებული შემოვაბრუნეთ, თანაც გასვლაზე და უკვე 8 მატჩია არ ვაგებთ! ბრავო, თემურ, ბრავო, ბიჭებო! ხომ ვამბობდი, ქეცბაია ყისმათაა-მეთქი!

კომენტარები