Wikileaks: ლატვიაში საქართველოს ელჩი საკუთარ ქვეყანას ოკუპაციაში ადანაშაულებდა

Wikileaks.org-ის დოკუმენტების თანახმად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ლატვიაში საქართველოს ელჩის უცნაური ქცევისა და გამონათქვამების შესახებ, აშშ-ს ელჩმა შეატყობინა. ამერიკელი დიპლომატის მტკიცებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, კონსტანტინე კორკელია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარში აცხადებდა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა.

კორკელიას ამ დრომდე საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ლატვიაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს, რომ შესაბამის ცნობას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდებიან, სამინისტროში კი დოკუმენტების დეტალური შესწავლის საჭიროებაზე საუბრობენ.

კონსტანტინე კორკელიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1995 წელს სტაჟიორად დაიწყო და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეობამდე დაწინაურდა.  2000-2002 წლებში იყო საქართველოს გენერალური წარმომადგენელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. 2002 წელს გახდა სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის ექსპერტი. რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის, გელა ბეჟუაშვილის მოადგილედ დაინიშნა. იმავე წელს, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ კოტე კემულარიას მოადგილედ წარადგინა, სადაც 2007 წლამდე იმუშავა. 2008 წლიდან დღემდე იყო ლატვიაში საქართველოს ელჩი.

კონსტანტინე კორკელია დაიბადა 1974 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ კი ნიდერლანდებში, სადაც მიიღო სამართლის მაგისტრის წოდება. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

კომენტარები