რუსეთ-პოლონეთის შეთანხმება

 პოლონეთის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე იზრდება. პოლონეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ევროპის ენერგოდივერსიფიკაციას აფერხებს. 

პოლონეთმა და რუსეთმა გაზის ხანგრძლივი ვადით მიწოდებისა და ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ევროკომისიის არაერთი რჩევისა თუ გაფრთხილების მიუხედავად, პოლონეთმა ხელშეკრულებას ხელი მაინც მოაწერა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ამ ქვეყნისთვის გაზის იმპორტის ერთადერთი წყარო რუსეთია.
 
ენერგობაზრის ევროპული კანონმდებლობა რომელიმე ერთი მხარისთვის მილსადენის ექსკლუზიური უფლებით გადაცემას კრძალავს. კანონმდებლობის თანახმად, გაზის მიწოდების ყველა კონკურენტუნარიან მსურველს მილსადენის გამოყენების თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს. 
 
რუსეთსა და პოლონეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე, გაზპრომის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრ მედვედევმა აღნიშნა, რომ ევროპული კანონმდებლობის ეს მოთხოვნა რუსეთ-პოლონეთის შეთანხმების ფარგლებში თეორიულად დაცულია. თუმცა, იამალ-ევროპის მილსადენს გაზის მოცულობა არ ჰყოფნის, რომ დიდ დატვირთვას გაუძლოს. ამით გაზპრომმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მილსადენის მთელი მოცულობის ათვისებას მხოლოდ თვითონ აპირებს. ხელშეკრულებაში მესამე მხარის „თეორიული” დაშვების პუნქტი კი, როგორც ჩანს, ევროკომისიის თავიდან მოსაშორებლად ჩაიდო. 
 
პოლონეთი რუსეთიდან ყოველწლიურად 7.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს. ეს მოცულობა მისი წლიური მოხმარების 65%-ზე მეტს შეადგენს. რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პოლონეთი რუსეთისგან 2011 წელს, წლევანდელ წელთან შედარებით 8 მილიონი კუბური მეტრით მეტ გაზს მიიღებს. 2012 წლიდან 2022 წლამდე მიღებული გაზის მოცულობა ყოველწლიურად 11 მილიარდი კუბური მეტრი ანუ 2011 წელთან შედარებით, 1.5 მილიარდი კუბური მეტრით მეტი იქნება. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ გაზით ვაჭრობის ვადა 2037 წლამდე გაიხანგრძლივონ, თუ პოლონეთის მხრიდან მოთხოვნა იქნება.
 
იამალ-ევროპის მილსადენი გაზს პოლონეთიდან გერმანიამდე ატარებს. მილსადენს ერთობლივად ამუშავებს გაზპრომი და PGNIG – გაზისა და ნავთობის პოლონეთის  სახელმწიფო კომპანია. გაზის ხანგრძლივი ვადით მიწოდებისა და ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულებას ორივე კომპანია ხელს აწერს. შესაბამისად, პოსტ-2019 გახანგრძლივების ალბათობა დიდია.
 
პოლონეთთან მიღწეული შეთანხმებით, გაზპრომმა მილსადენზე ექსკლუზიური კონტროლი მიიღო. ამით ის ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავს. გაზპრომი თანაბრად იძლიერებს ისედაც დომინანტურ პოზიციას გერმანიაში. იამალ-ევროპის მილსადენი ყოველწლიურად 33 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი გერმანიაში იყიდება.
 
ევროკავშირი აქტიურად ცდილობს, თავისი 27 წევრი სახელმწიფოსთვის ერთიანი ენერგოსტრატეგია შეიმუშაოს, თუმცა ამ დრომდე, ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამის მთავარი მიზეზი, იტალიასა და საფრანგეთთან ერთად, გერმანიაც არის. ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ათანხმებენ ბილატერალურ კონტრაქტებს რუსეთთან. მოლაპარაკებების გამჭვირვალობა მინიმალურია.
 
ხელშეკრულების ხელმოწერამდე, პოლონელი ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ რუსეთ-პოლონეთის შეთანხმება ევროკავშირის საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის პერსპექტივის ტესტი იყო: რუსეთი პოლონეთის მაგალითზე ცდილობდა გაერკვია, შეძლებდა თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობისთვის გვერდის ავლით, რეგიონში საკუთარი ენერგოპოზიციების გამყარებას. 
 
ევროკომისიაც, თავის მხრივ, ენერგობაზრის ევროპულ კანონმდებლობაზე აპელირებით ცდილობდა პოლონეთსა და რუსეთს შორის შეთანხმება არ შემდგარიყო. კანონმდებლობა ბაზარზე მონოპოლისტის არსებობას კრძალავს. 
რუსეთის მიერ პოლონეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თურქმენეთს და ყველა სხვა დაინტერესებულ ექსპორტიორს ევროპის ბაზარზე გასვლა საგრძნობლად გაუჭირდება.
 
პოლონეთთან მიღწეული შეთანხმება რუსეთს შესაძლებლობას უქმნის იამალ-ევროპის მილსადენის პოლონურ ნაწილზე მონოპოლია 2022 წლამდე გაიხანგრძლივოს. შეთანხმება იმასაც უშვებს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება 2045 წლამდე გაგრძელდეს. 
 
იამალ-ევროპის მილსადენის პოლონეთის ნაწილი Europol Gaz-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის მფლობელები არიან გაზპრომი და ნავთობისა და გაზის პოლონეთის სახელმწიფო კომპანია – PGNIG. თითოეულ მათგანს თანაბარი წილი აქვს. დარჩენილ წილსაც ეს კომპანიები იყოფენ, ერთობლივი საწარმოს – Gas Trading-ის სახით. რუსეთისა და პოლონეთის შეთანხმებით გამოდის, რომ Europol Gaz-ი იამალის მილსადენის პოლონეთის ნაწილზე საკუთრების, კომერციულ და ოპერაციულ უფლებებს ინარჩუნებს. ეს კი კონკურენციას გამორიცხავს.
 
რუსეთის მიმართ პოლონეთის პოლიტიკა ამ ქვეყნის ძველ მთავრობასთან ერთად შეიცვალა.
 
პოლონეთი ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის სტრატეგიის მხურვალე მხარდამჭერი იყო. განსაკუთრებით ლეხ კაჩინსკის გამარჯვების შემდეგ, 2006 წლიდან, როცა გაზპრომმა, უკრაინის მხრიდან გაზის საფასურის გადაუხდელობის მომიზეზებით, უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
 
მას შემდეგ, პოლონეთი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობდა. ამისთვის პოლონეთს ორი გეგმა ჰქონდა. პირველი, ბალტიის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც 2014 წლამდე დასრულდებოდა. და მეორე, ბუნებრივი გაზის მიღება ფიქლის ფორმაციებიდან. პოლონეთმა ფიქლით მდიდარ კონკრეტულ ადგილებს უკვე მიაგნო. თუმცა გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება ენერგოდივერსიფიკაციის ალტერნატიულ პერსპექტივებს დიდი ხნით გადაავადებს. 

კომენტარები