69 დღე მიწის ქვეშ

გადარჩენილი მაღაროელები პრეზიდენტ პინერას ხვდებიან
ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩილესადმი ინტერესი თანდათან იზრდება. მან პიკს 13 ოქტომბერს მიაღწია, როდესაც ყველა შეფასებით რეკორდული მასშტაბის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 33 ჩილელი მაღაროელი, რომელიც 69 დღის განმავლობაში თითქმის შვიდასი მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა, იძულებითი ტყვეობიდან ცოცხლები და უვნებლები ამოიყვანეს.
5 აგვისტოს ჩილეში, სან ხოსეს სპილენძისა და ოქროს მაღაროში კატასტროფა მოხდა. გვირაბის ჩამონგრევის შემდეგ 33 მაღაროელი რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მაშველები უშედეგოდ ეძებდნენ მათ კვალს. გაურკვევლობა მხოლოდ მე-17 დღეს დასრულდა, როდესაც მაღაროელების გადარჩენის შესახებ ცნობილი გახდა.
როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთ-ერთ სარეზერვო გვირაბს შეეფარნენ. პირველმა სამაშველო ჭაბურღილმა სწორედ ამ გვირაბამდე ჩააღწია. მისი დიამეტრი მხოლოდ იმის საშუალებას იძლეოდა, რომ წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაეგზავნათ. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ 700 მეტრზე მყოფი მაღაროელებისთვის და მიწის ზედაპირზე მომლოდინე ახლობლებისთვის იმედი ჩაენერგა. მთელმა მსოფლიომ იხილა მათი ვიდეომიმართვა, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ „ყველა კარგადაა და იმედს არ კარგავენ”.
სამაშველო ოპერაცია ერთ-ერთ ურთულესად შეფასდა. ის თავდაპირველი გათვლებით 4 თვეში უნდა დასრულებულიყო. გეგმაში იყო სამი ჭაბურღილის გაკეთება, რომელთაგან თითოეულის სიღრმე 600-700 მეტრი იქნებოდა, დიამეტრი კი იმხელა, რომ ერთი ადამიანისათვის სამყოფი სამაშველო კაფსულა ჩატეულიყო. სამუშაოების ღირებულება, ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინერას თქმით, „სადღაც 10-დან 20 მილიონ დოლარამდე მერყეობდა”. ამ თანხის მესამედი შემოწირულობებით დაიფარა, დანარჩენი კი მაღაროს მფლობელმა კომპანია კოდელკომ და ჩილეს მთავრობამ გაიღო. ოპერაციის მიმდინარეობა უამრავი საინფორმაციო სააგენტოს მიერ პირდაპირ ეთერში შუქდებოდა. სამრეწველო ქალაქი კოპიაპო კი, სადაც მაღაროელთა უმეტესობა ცხოვრობს, დროებით ტურისტულ ცენტრად იქცა. აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ათასობით გულშემატკივარი დიდ ეკრანებზე ადევნებდა თვალყურს სამაშველო სამუშაოებს. კომერციალიზაციას ვერც ეს საერთო-სახალხო მოვლენა გადაურჩა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კოპიაპოს მაღაზიებში ჩილეს დროშები და მაღაროელთა გამოსახულებიანი პლაკატები გაყიდვების ჰიტად იქცა.
ჭაბურღილმა, რომელიც „B” გეგმის სახელით იყო ცნობილი, ოთხის მაგივრად ორ თვეზე ნაკლებ დროში ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე. ნასას კონსულტანტების დახმარებით დამზადებული სამაშველო შატლი ფენიქს 2 პირველად 12 ოქტომბერს მიწის სიღრმეში მაშველებითურთ ჩაეშვა. გადარჩენილები 23 საათის განმავლობაში სათითაოდ ამოჰყავდათ. მათ მიწის ზედაპირზე შეკრებილი ახლობელთა და გულშემატკივართა არმია ოვაციებით ხვდებოდა. ამოყვანის შემდეგ მეშახტეები სპეციალური ვერტმფრენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჩილეს ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მას შემდეგ, რაც საყოველთაო აღტყინება მინელდა, რამდენიმე კითხვა გახდა აქტუალური. მათ შორის მთავარი – ჰქონდა თუ არა კომპანიას 125 წლის წინანდელი მაღაროს ოპერირების უფლება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები არ იყო დაცული, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ჩილეში, სადაც სამთო მრეწველობა ეკონომიკის 40%-ს შეადგენს, ხოლო ამ სფეროში 10 ათასი ადამიანია დასაქმებული, მსგავსი უბედური შემთხვევების შედეგად წელიწადში საშუალოდ 34 ადამიანი იღუპება. როგორც ცნობილი გახდა, გადარჩენილი 33 მაღაროელიდან 27 აპირებს კომპანიისგან სასამართლოს გზით კომპენსაციის მოთხოვნას. ჩივილს აპირებს გინო კორტეზი, 40 წლის მაღაროელი, რომელმაც ამ ცნობილ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე გვირაბის ჩამონგრევის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა. მისი განცხადებით, მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება, რადგანაც გვირაბებში არასაკმარისი რაოდენობის მეტალის სამაგრებია, რომლებიც მათ ჩამონგრევისგან დაიცავდა. მართალია, პრეზიდენტ პინერას თქმით, „არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც მაღაროს უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი”, მაგრამ ეს ფრიად საეჭვო ნუგეშია უკვე დაღუპული მუშების ოჯახებისთვის. ასეთ პირობებში სამთო მრეწველობის მომავლის საკითხი მთლიანად ეჭვის ქვეშ დგება.
ამ ყველაფრის ფონზე The Wall Street Journal-ში გაჩნდა კითხვა – რა იქნებოდა, ეს კატასტროფა 25 წლის წინ რომ მომხდარიყო? მაღაროელები დაიღუპებოდნენ, რადგან მაშინ უბრალოდ არ არსებობდა ის ტექნოლოგიები, რომლის დახმარებითაც მოხერხდა მათი ამოყვანა. სტატიის ავტორის, დანიელ ჰენინგერის აზრით, მაღაროელები კაპიტალიზმმა იხსნა. 74 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა ბერლინურმა კომპანიამ Central Rock Inc, მაღალტექნოლოგიური ბურღი შექმნა და ჩილეს დახმარება შესთავაზა. ეს უკანასკნელიც დათანხმდა და შედეგი სახეზეა – მაღაროელები გადარჩნენ.
ჰენინგერი ამით ხაზს უსვამს თავისუფალი ბაზრის როლს ტექნოლოგიურ წინსვლაში. ამ პატარა ბერლინურ კომპანიას ჰქონდა ფინანსური მოგების იმედი, რის საფუძველზეც გაბედა და შეეჭიდა სრულიად ახალი ტიპის ტექნოლოგიის, ამ შემთხვევაში „სუპერბურღის” იდეას, რომლის გარეშეც 700-მეტრიანი ჭაბურღილის ასეთი სიზუსტით გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა მაღალტექნოლოგიური კომპანიების დახმარება აქ არ შეწყვეტილა. სამხრეთ კორეულმა Samsung-მა მაშველებს მიაწოდა ისეთი ტელეფონი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მიწის ჯურღმულიდან გადარჩენილების ხმის გაგონება. კომპანია Cupron Inc-მა კი მართლაც საოცარი, სპილენძის ბადიანი წინდები გაუგზავნა მაღაროელებს, რომელიც მათ ამ რთულ პირობებში გარე ინფექციებისგან იცავდა. ჩილეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს „წარმოდგენაც არ ჰქონდა, მსგავსი რამე თუკი არსებობდა სადმე”. ღია ეკონომიკის პირობებში ეს არცაა გასაკვირი. შეუძლებელია ყველა იმ სიახლეზე თვალის მიდევნება, რაც ტექნოლოგიურ სფეროში ხდება. „ვიღაცამ გამოიგონა რაღაც, საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის, ერთ დღეს კი ამ გამოგონებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს”, ასკვნის ჰენინგერი.
ჩილეს მაღაროელთა სამაშველო ოპერაცია, სირთულიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უდიდესია მსგავს ოპერაციებში. თუმცა მის დასრულებამდე TIME-მა გამოაქვეყნა ყველაზე საოცარი სამაშველო ოპერაციების ათეული, სადაც მაშველები მინიმალურ შანსსაც კი იყენებდნენ.

10 – ჩინეთის სასწაული
ანუ რვა დღის შემდეგ გადარჩენილი მაღაროელები. 28 მარტს, ჩინეთის ერთ-ერთ ნახშირის მაღაროში მუშებმა, რომლებიც ახალ გვირაბს თხრიდნენ, შემთხვევით გამოთხარეს ძველი, გაუქმებული გვირაბი, რომელიც წყლით იყო სავსე. შედეგად 153 მაღაროელი წყლით სავსე მიწისქვეშეთში აღმოჩნდა. მათი ცოცხლად გამოღწევის შანსები მინიმალურად შეფასდა. თუმცა რვა დღის შემდეგ მაშველებმა 115 მათგანის გამოყვანა მაინც შეძლეს. ნახშირის წარმოება, სამთო საქმეში ყველაზე დიდი სიკვდილიანობით გამოირჩევა.

9– ჰუძონის სასწაული
2009 წლის 15 იანვარს ამერიკელი ტელემაყურებლები საოცარი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ისინი პირდაპირ ეთერში უყურებდნენ ნიუ იორკში, მდინარე ჰუძონზე მოტივტივე თვითმფრინავს, საიდანაც მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უჩვეულოდ ორგანიზებულად და უსაფრთხოდ მოძვრებოდნენ. თვითმფრინავის მდინარეზე ავარიულად დაშვების მიზეზი ბატების გუნდი გახდა. ფრინველები ძრავებში გაიჭედნენ და მწყობრიდან გამოიყვანეს. ინციდენტის დროს არავინ დაღუპულა.

8 – პატარა
ჯესიკა
...რომელიც ჭაში გაიჭედა. 1987 წლის 14 ოქტომბერს, ტეხასში ამერიკის მედიის ისტორიაში უდიდესი მოვლენა მოხდა. ისინი აშუქებდნენ სამაშველო ოპერაციას, რომლის მიზანიც იყო 18 თვის ჯესიკა მაკკლურის გადარჩენა. ის წამით უყურადღებოდ დატოვეს და 20 სანტიმეტრის დიამეტრის და 6 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, საიდანაც მის ამოყვანას 58 საათი დასჭირდა. ჯესიკა ახლა 24 წლისაა და ერთ წელზე ნაკლები აშორებს იმ დროს, როდესაც მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე წვდომა შეეძლება. ეს ანგარიში ძველი შემოწირულობებით გაიხსნა და ამჟამად 1 მილიონ დოლარს აღწევს.

7 – ჰაბლის ტელესკოპის გადარჩენა
ჰაბლის ცნობილი ტელესკოპი ნასამ ორბიტაზე 1990 წლის აპრილში გაუშვა. 2000-იან წლებამდე მას მხოლოდ ოთხი, მცირე მასშტაბის შეკეთება დასჭირდა, სანამ საბოლოოდ არ გამოვიდა მწყობრიდან. 2004 წლის წარუმატებელი სარესტავრაციო ოპერაციის შემდეგ ნასამ 2009 წელს კოსმონავტების ახალი ჯგუფი გაგზავნა ჰაბლისკენ. მათ გიგანტური ხელის დახმარებით ტელესკოპი თავიანთი ხომალდის საბარგო განყოფილებაში „ჩადეს”, შეაკეთეს და უკანვე „დაჰკიდეს” ორბიტაზე, სადაცის 2014 წლამდე შეკეთების გარეშე იმუშავებს.

6 – პენსილვანიის მაღაროელების გადარჩენა
2002 წლის 24 ივლისს, ცხრა პენსილვანიელი მაღაროელი, არასწორი რუკის გამო, მიტოვებულ მაღაროს გადააწყდა, რომელიც წლების განმავლობაში წყლით ივსებოდა. მიტოვებული გვირაბებიდან ათასობით ტონა წყალმა გადმოხეთქა და მუშები 71 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდნენ გვირაბის პატარა მონაკვეთში ჩაკეტილები. მათ გადასარჩენად რამდენიმე ჭაბურღილის გაკეთება გახდა საჭირო, რასაც 77 საათი დასჭირდა. მაშველებს იმაზეც უნდა ეზრუნათ, რომ წყლის დონე ზედმეტად არ მომატებულიყო. მათ ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.

5 – ურუგვაის საჰაერო ძალები
1972 წლის 13 ოქტომბერს, ურუგვაულმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 45 ადამიანი იმყოფებოდა, ანდების მთებში კატასტროფა განიცადა. ბორტზე ურუგვაის რაგბის გუნდის წევრები, მათი ოჯახები და მეგობრები იმყოფებოდნენ. მათი გადარჩენის შანსი იმდენად მიზერული იყო, რომ რვა დღის შემდეგ მაშველებმა ძებნა შეწყვიტეს. ვინც კატასტროფისას არ დაიღუპა, მათ საკვები მალევე გაუთავდათ და იძულებული გახდნენ მანამდე დაღუპულების ხორცი ეჭამათ. თუმცა 16 მათგანი მაინც გადარჩა. ისინი მთებში 12-დღიანი სიარულის შემდეგ 23 დეკემბერს სამშვიდობოს გამოვიდნენ. მათ თოვლიან მაღალმთიანეთში 72 დღე გაატარეს. ამ ისტორიის მიხედვით 1993 წელს ფილმი “Alive” გადაიღეს.
4 – 1891 წელი, პენსილვანია
პენსილვანიის ნახშირის მაღაროში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უამრავი ადამიანი დაიღუპა. მაგალითად, მხოლოდ 1891 წელს მაღაროებმა 956 ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა საოცარი გადარჩენის ისტორია აქაც გვხვდება. 5 მაღაროელი 19 დღის განმავლობაში წყლით სავსე გვირაბში იყო ჩაკეტილი. მათ დახმარების გარეშე გამოაღწიეს გარეთ. ამ ხნის განმავლობაში ისინი სანათების ზეთს სვამდნენ, რადგან საჭმელი არ ჰქონდათ.

3 – მსოფლიო ომის ტყვეები
1945 წელს 72 ათასი ამერიკელი ტყვე, რომლებიც იაპონელების სამხედრო ტყვეების ბანაკზე თავდასხმის შემდეგ გათავისუფლდა, 85 კილომეტრის მანძილზე გაურბოდა იაპონელებს, ფილიპინების ჯუნგლებში. მათგან მხოლოდ 54 ათასი გადარჩა. ეს ისტორიაც გახდა რეჟისორების შთაგონების წყარო. 2005 წელს ჯონ დალიმ ფილმი „დიდი რეიდი” გადაიღო.

2 – ჩაძირული წყალქვეშა ნავი
ერთ-ერთი გამოცდის დროს ამერიკის სანაპიროსთან უახლესი მოდელის წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რომელმაც 26 ადამიანის სიცოცხლე მაშინვე შეიწირა. ეს ხდებოდა 1939 წელს. 33 გადარჩენილი ადამიანი, მორზეს ანბანით დაუკავშირდა გარე სამყაროს, კერძოდ კი გვერდით მცურავ მეორე წყალქვეშა ნავს. „კარგად ვართ, მაგრამ გვცივა”, – გადმოსცა კაპიტანმა. ორდღიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ახლაც კი ურთულეს კატეგორიად ჩაითვლებოდა, ყველა მათგანი უვნებელი ამოიყვანეს წყლის ზედაპირზე.

1 – ჰაიტის ნანგრევებში
ჰაიტის 7.0 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შემდეგ უამრავი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა იცოდნენ, რომ გადარჩენის შანსი საკმაოდ მცირე იყო, ამიტომ სახლების ნანგრევებიდან მე-5, მე-7 და მე-11 დღეს გადარჩენილების ამოყვანას დაუჯერებელი ამბავი უწოდეს. მაგრამ როდესაც 17 წლის დარლენი ეტიენი ნანგრევებში გატარებული 15 დღის შემდეგ ცოცხალი დახვდათ, ეს ნამდვილ სასწაულად შეფასდა. იგი მოტეხილი ფეხით და ძლიერი გაუწყლოვნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სხვა მხრივ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა.

 

კომენტარები