მისტრალი სცილასა და ქარიბდას შორის

მაშინ, როდესაც ფრანგი მაღალჩინოსნები ლაჟვარდოვან სანაპიროზე აგვისტოს მზეს ეფიცხებოდნენ, ზოგ მათგანს ნამდვილად ეგონა, რომ ეს დამსახურებული დასვენება იყო იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო ვერტმფრენმზიდი ხომალდის, მისტრალის, მიყიდვას ეხებოდა. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარმა ზღვა ააზვირთა და ის, რაც მათ თითქმის დასრულებულ ექსკლუზიურ მოლაპარაკებად მიაჩნდათ, უცბად გახურებულ საერთაშორისო შეჯიბრად აქცია. სექტემბრის დასაწყისში პარიზში დაბრუნებულების მეცადინეობა, ეს გარიგება ისევ წინანდელ კალაპოტში მოაქციონ, ხან კომიკურია, ხანაც უსუსური, თუმცა სახიფათო. იმედი ვიქონიოთ, რომ – ჰომეროსს თუ დავესესხებით – ამფიტრიტას ლურჯი ტალღები მისტრალზე გარიგებას იმ კლდეებისაკენ მიაქანებს, რომლებსაც ღმერთები მოხეტიალეს უწოდებენ.

საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ვებგვერდზე მისტრალი და ამავე ტიპის ხომალდი, ტონერი, მოხსენებულია, როგორც „ეროვნული სამხედრო ფლოტის ფლაგმანები... რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებენ საფრანგეთისა და ევროპის სამხედრო ძალების გადასროლის და სტრატეგიული ტრანსპორტირების შესაძლებლობებს... რაც ითვალისწინებს სახმელეთო და საჰაერო ძალების გადაყვანას და უზრუნველყოფს მათ მდგრადობას, მართვას და კონტროლს”.

მისტრალის კლასის ხომალდები განკუთვნილია ზღვიდან შეტევისათვის, რაც რუსეთისათვის იდეალური იარაღია ბალტიის და შავი ზღვების აუზებსა და წყნარი ოკეანის დასავლეთში მდებარე მისი მეზობლების დასაშინებლად. მისტრალი იტევს 900 ქვეით ჯარისკაცს, 16-დან 35-მდე შვეულმფრენს, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის შვეულმფრენებია; სამხედრო ტექნიკის ნაკრებს, 40 ტანკის ჩათვლით, ასევე იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ტექნიკაა.

მართლაც, ტყუილად კი არ თქვა რუსეთის სამხედრო ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ვლადიმირ ვისოცკიმ გასულ შემოდგომაზე: „საქართველოსთან კონფლიქტის დროს შავი ზღვის ფლოტს ასეთი გემი რომ ჰქონოდა, თავის მისიას 40 წუთში დაასრულებდა იმ 26 საათის ნაცვლად, რაც ამისათვის დაგვჭირდა”.

რუსული სამხედრო-სამრეწველო სისტემის ზოგი ელემენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსკოვის საზღვაო და პოლიტიკური ლიდერები მისტრალის შესყიდვას ენთუზიაზმითა და ოსტატობით შეუდგნენ. „ვაპირებთ მისტრალის კლასის ერთი გემის შესყიდვას საფრანგეთში და ფრანგული მხარის ტექნიკური დახმარებითა და ლიცენზირებით, ამ კლასის ოთხი ვერტმფრენმზიდის აგებას”, თქვა რუსეთის სამხედრო ფლოტის გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ოლეგ ბურცევმა, პრესკონფერენციაზე 2009 წლის 2 ნოემბერს.

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ორი საკითხი წამოიჭრა. პირველი ის არის, რომ რუსეთთან სტრატეგიული დიალოგის შესახებ რიტორიკის მიუხედავად, ფრანგული მხარის ნამდვილი ინტერესი ამ გარიგების დადებაში საფრანგეთის გემთმშენებლობის გადარჩენაა მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტით. პარიზს სურს, გემები საფრანგეთში ააგოს და რუსეთს მიჰყიდოს. რუსეთს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი სამხედრო ტექნიკის ყიდვა უნდა თავისი მოძველებული სამხედრო ფლოტისათვის; თუმცა იგი არა ნაკლებ არის დაინტერესებული როგორც მისტრალზე არსებული სამხედრო ტექნოლოგიის, ასევე წარმოების ტექნოლოგიის შესყიდვით, რათა საკუთარი გემთმშენებლობა ოცდამეერთე საუკუნეში გადაიყვანოს.

ფული ის სიდიდეა, რომელიც ადვილად იყოფა. ამიტომ კომპრომისიც – ორი გემის საფრანგეთში აშენება და ორისაც, ლიცენზიით, რუსეთში – ადვილი მისაღწევია.

თუმცა მეორე, უფრო რთული საკითხი, ტექნოლოგიის გადაცემაა. მართლაც, მისტრალის გასაოცარი შესაძლებლობები ორლესური მახვილი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ფრანგებმა უნდა შეაქონ მისტრალის ღირსებები – აბა, რატომ იყიდის მას რუსეთი? რუსეთში 2009 წლის 1 ოქტომბრის ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა, განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც რუსეთს ეს „არაჩვეულებრივი გემი” ექნება. მეორე მხრივ, ასეთი შესაძლებლობების რუსეთის ხელში მოხვედრის პერსპექტივამ შავი და ბალტიის ზღვისპირა მეზობლების შეშფოთება გამოიწვია.

ისეთი ქვეყნების პროტესტს, როგორიც საქართველო და ნატოს წევრი ესტონეთია, რაღაც გაუგებარი ვერბალური ეკვილიბრისტიკა მოჰყვა პარიზის მხრიდან. რაღაც მომენტში, ფრანგმა მაღალჩინოსნებმა თითქმის ისიც კი თქვეს, რომ რუსეთს მხოლოდ გემის ცარიელ კორპუსს მიყიდდნენ. გასაგებია, რომ მოსკოვს სულაც არ იზიდავდა ისეთი ახალი სწრაფმავალი გემის ყიდვის პერსპექტივა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მცურავ კაზინოდ გამოდგებოდა.

ივნისში, პარიზში ვიზიტის წინა დღეს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, საფრანგეთს ერთი კი ესროლა: „ჩვენთვის”, უთხრა მან ტელეარხ ფრანს-2-ს, „ეს გარიგება საინტერესოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიის გადმოცემაც მოხდება, რაც ჩვენი როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო გემთმშენებლებისთვის ტექნოლოგიური სტიმული იქნება შემდგომი განვითარებისათვის”. მაშინ, როდესაც ფრანგი მაღალჩინოსნები ზღვის სანაპიროზე ზაფხულის მსუბუქ ღვინოებს წრუპავდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა სამხედრო ვერტმფრენმზიდი გემების შესყიდვაზე. ამით დაიწყო შეჯიბრი რუს გემთმშენებლებსა და, რაც ფრანგებისათვის უფრო სახიფათოა, ჰოლანდიელ და ესპანელ გემთმშენებლებს შორის.

პარიზი პანიკამ მოიცვა. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ბენუა პუგა მოსკოვში აფრინეს იმ ექსკლუზიური მოლაპარაკების ბედის გასარკვევად, რომელშიც პარიზს ეგონა, რომ მონაწილეობდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოუთმენლად ელოდა რუსეთის დელეგაციას პარიზში 7 სექტემბრის საფრანგეთ-რუსეთის თანამშრომლობის საბჭოზე უსაფრთხოების სფეროში. ექსკლუზიური მოლაპარაკებები, როგორც მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განმარტა, მოწინავე ტექნოლოგიის გადაცემასაც გულისხმობდა.
ამრიგად, მისტრალის ოდისეა გრძელდება.

ის, რომ რუსეთი კვლავ დაინტერესებულია, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მარკოვმა დაადასტურა: „ჩვენი დიდი ვერტმფრენმზიდები მისტრალის კლასის გემებზე სამჯერ ან ოთხჯერ პატარაა”.

მიმართა რა ისევ ვერბალურ ეკვილიბრისტიკას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორანმა იკითხა: „შეიძლება, ერთი წუთითაც კი ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე გემის მიყიდვით მნიშვნელოვნად შეიცვლება ძალთა ბალანსი და სტრატეგიული ვითარება საქართველოსა და რუსეთს შორის?”

ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა და სულ ახლახან, მოსკოვმა, როგორც ჩანს, მოახერხა პარიზის შეტყუება სცილასა და ქარიბდას შორის. სცილასა და ქარიბდას კი, ჰომეროსის თქმით, ვერც ერთი გემი ვერ დაუძვრა.

კომენტარები