პეგასუსი ქართულ ავიაბაზარზე

პეგასუსი ყველაზე ცნობილი თურქული ავიაკომპანიაა. ის, უკვე ოცი წელია, რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ასრულებს. 2005 წლიდან კომპანიამ ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. ლოკალური ავიახაზებიდან საერთაშორისო ავიახაზებზე გადავიდა. დღეს პეგასუსი მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 100 სხვადასხვა მიმართულებით რეისებს რეგულარულად ასრულებს. ევროპაში პეგასუსის დანიშნულების ადგილი 28 ქალაქია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია თბილისიც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით პირველი რეისი 10 ოქტომბერს შესრულდა. უახლოეს მომავალში პეგასუსი საკუთარი მიმართულებების გაზრდას გეგმავს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე აზიის კონტინენტსა და აფრიკაში. დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ლევან ელიზბარაშვილი საუბრობს. 

რა ტიპის ავიაკომპანიაა პეგასუსი?

ეს არის დაბალფასიანი, ე.წ. ლოუ ქოსთ კომპანია. თურქეთის მიმართულებით ერთი რეისი 80 ევრო ჯდება. ევროპის მიმართულებით ფასი 119-დან 139 ევრომდე იქნება.

დავუშვათ, კლიენტმა დაჯავშნა ბილეთი და შემდეგ გააუქმა. ჯარიმის გადახდა უწევს?


არა. კონკურენტების ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ჩვენი ბილეთები არის non-refundable. ანუ არ ბრუნდება და არ სარგებლობს პრივილეგიებით. ზოგადად, არც საშუალო ღირებულების მქონე ბილეთები სარგებლობს რაიმე პრივილეგიით – მხოლოდ მაღალ ფასიან ბილეთებს ეხება ეს – ფასთა შორის სხვაობამ ამ შემთხვევაში 100-150 ევროც კი შეიძლება შეადგინოს. ჩვენი ბილეთები იაფია. თუმცა ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად შემუშავებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტი მომხმარებელს ანიჭებს პრივილეგიას გააუქმოს ჯავშანი ისე, რომ არ დაზარალდეს. დაზღვევა ბილეთის ღირებულებაში შედის.

კლიენტმა ჯავშნის მოხსნის მიზეზი უნდა დაგისაბუთოთ?

მომხმარებელი, როგორც წესი, ახირების გამო ავიაბილეთს არ აუქმებს. მას აქვს საპატიო მიზეზი: საკუთარი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამსახური, რაიმე სასამართლო პროცესი, რის გამოც მას არ აქვს უფლება, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და ა.შ. ჩვენ ავიაბილეთის გაუქმების ყველა შესაძლო მიზეზი გამოვავლინეთ და განვსაზღვრეთ სადაზღვევო შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან მომხმარებელი ავიაბილეთს აუქმებს ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე.

თქვენი კონკურენტები იმასაც ამბობენ, რომ ე.წ. ლოუ ქოსთ ავიაკომპანიების ბილეთის ფასში საკვები და ბარგის გადაზიდვა არ შედის. ეს ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა მგზავრობა რეალურად მაინც ძვირი გამოდის. ასეა?

არა. 20 კილოგრამამდე ბარგის გადაზიდვა უფასოა, ხელბარგიც უფასოა. კვება ბილეთის ფასში არ შედის. თუმცა ერთჯერადი კვება ბილეთის ფასში რომ შევიყვანოთ, ბილეთი 90 ევრო ეღირება. ეს ნებისმიერ შემთხვევაში სამჯერ და თითქმის ოთხჯერ უფრო იაფია სხვა ავიაკომპანიების ბილეთების საშუალო ღირებულებაზე. კონკურენტი ავიაკომპანიების ბილეთების ღირებულება საშუალოდ 350-400 ევროა. ისმის კითხვა, განა რა კვებაა ამ ავიაკომპანიებში ისეთი, რომ მისი ფასი 200-300 ევრომდე ავიდეს? ჩვენთან ყველაფერი ძალიან მარტივია: კვება ღირს 10 ევრო.

რა შედის ამ ფასში?

ამ კვებაში შედის, როგორც წესი, ხორცეული – ქათმის ან საქონლის ხორცი, სალათა და ერთი-ორი ნაჭერი ხილი. მომხმარებელი ჩვენთან შეზღუდული არ არის: მას შეუძლია დამატებითი კვებაც შეუკვეთოს. მაგალითად, მგზავრი იხდის 350 ევროს ბილეთში და მხოლოდ ერთჯერადი კვება აქვს. აქ ასე არ არის: 100 ევროდ სტამბოლის მიმართულებით შეგიძლია ისე იფრინო, რომ ორჯერ ჭამო. ბილეთის ღირებულება კვებისა და ფასიანი ბარგის ხარჯზე არ არის დაბალი.

მაინც რატომ ღირს ბილეთი შედარებით იაფი?

ბილეთის ფასი დაბალია მოგების დაბალი მარჟის ხარჯზე. ის მუშაობს დატვირთვაზე: კომპანიის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მგზავრი გადაიყვანოს.

რამდენ მგზავრს გადაიყვანთ და რა სიხშირით?

189 მგზავრს. თავიდან დღეში ერთხელ, ყოველდღიურად, სტამბოლის მიმართულებით და სტამბოლიდან ევროპაში. თუ მგზავრთა ნაკადმა იმატა და რეისების დამატება დაგვჭირდა, მხოლოდ გაგვიხარდება. 189 ადგილი ბოინგისთვის ეს არის მაქსიმალური რაოდენობა.

როგორი ავიალაინერები გყავთ?


თვითმფრინავი მაქსიმუმ სამი წლის იქნება. ასეთი ავიალაინერი – ბოინგ 737 საქართველოში არ დაფრინავს. გარბენი შეიძლება ბევრ მანქანაზე ცოტა ჰქონდეს.

რამდენად უსაფრთხოა?

ეს არის ჩვეულებრივი ბოინგის მიერ გამოშვებული ავიალაინერი ყოველგვარი ხარვეზებისა და პრობლემების გარეშე. მის უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობაზე თურქული და გერმანული ავტორიტეტული კომპანიები ერთად ზრუნავენ. გარდა ამისა, პეგასუსი საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის (IATA) წევრია: ავიაკომპანია ვალდებულია თითოეულ რეისზე, ავიალაინერის გაჩერების დროს, დაიცვას სპეციალური, საგანგებოდ შემუშავებული წესები. მგზავრთა აბსოლუტურად უსაფრთხო გადაადგილება გარანტირებულია.

კომენტარები