რატომ უნდა გვახსოვდეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

 ყოველი წლის 23 აგვისტოს ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1939 წელს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს. იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ევროპაში 1939-1941 წლებში, საქართველოში ნაკლებად ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ პაქტის შედეგებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ისტორიაზე. აღნიშნული პერიოდი იმითაც საინტერესოა, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შედეგად, საბჭოეთის სხვადასხვა მეზობლის წინაშე მთელი სიმწვავით დადგა ჩვენთვის ასე ნაცნობი დილემა: ბრძოლა თუ დანებება.

მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს უყვართ ამის ხაზგასმა: რომ არა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია 1921 წლის თებერვალში, საქართველოს - როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს - წარმატება გარდაუვალი იყო.

მივცეთ ფანტაზიას გასაქანი და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო წითელი არმიის დამარცხება, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და დემოკრატიული, ევროპული განვითარების გაგრძელება. წარმოვიდგინოთ, რომ ეს პროცესი მთელი 20 წლის განმავლობაში გაგრძელდა. არჩევნებში ხან სოციალ-დემოკრატები იმარჯვებდნენ, ხანაც მემარჯვენე პარტიები, მაგრამ, დემოკრატიული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი დაპირისპირების მიუხედავად, ქართულმა პარტიებმა შექმნეს მტკიცე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ორი ათწლეულის განმავლობაში დაღვინდა ევროპული სახელმწიფო, ეფექტიანად მომუშავე ინსტიტუტებით; თავისუფალი, გახსნილი, ევროპაში ინტეგრირებული ეკონომიკით, იმ დროისთვის ცხოვრების მაღალი სტანდარტით, მტკიცედ ჩამოყალიბებული ერი-სახელმწიფოს იდენტობითა და მთელი თაობით, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებელ, ევროპულ და, უბრალოდ, ნორმალურ საქართველოში.

და, აი, როცა მიღწეულიც ბევრია და ნორმალურ განვითარებასაც თითქოს აღარაფერი ემუქრება, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმები - საბჭოთა კავშირი და ჰიტლერის გერმანია - თანხმდებიან იმაზე, რომ თქვენ არსებობის უფლება აღარ გაქვთ.

სტალინმა და ჰიტლერმა სწორედ ამგვარი განაჩენი გამოუტანეს ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებს: პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთსა და ფინეთს. ხუთივე, საქართველოს მსგავსად, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს აღმოცენდა თანამედროვე სახელმწიფოების სახით. ყველა მათგანის ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მაშინდელ ქართველ მოაზროვნეთათვის კარგად იყო ცნობილი და ქართული პრესის ფურცლებზეც სათანადოდ აისახა. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნებმა მოახერხეს 1920-იანი წლების ბოლშევიკური შემოტევების მოგერიება და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის განვითარების მნიშვნელოვან დონესაც მიაღწიეს. მაგალითად, 1940 წლისათვის ლატვიის მშპ უთანაბრდებოდა დანიისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ხალხებმა სახელმწიფოს დაკარგვით (ფინეთის გარდა) დაკარგეს არა მხოლოდ სუვერენიტეტი, არამედ სიმდიდრეც.

აღმოსავლეთ ევროპის ფაქტობრივი გაყოფა 1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიის საგარეო მინისტრმა, იოაჰიმ რიბენტროპმა და სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა გააფორმეს, რის გამოც „საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება” ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით. ხელმოწერილი დოკუმენტის საიდუმლო ოქმში, რომლის არსებობასაც მოსკოვი 1991 წლამდე ჯიუტად უარყოფდა, დადგინდა საზღვარი ორი მონსტრის „გავლენის სფეროებს” შორის (ეს ტერმინი, შემთხვევით, რამეს ხომ არ გაგონებთ?).

1939 წლის ზაფხულში ვერავის წარმოედგინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი სულ რამდენიმე კვირაში დაიწყებოდა. ამ დროისთვის ევროპაში ყველაზე განხილვად თემად ერთი წლით ადრე, 1938 წელს, ჰიტლერის მიერ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ოსტატურად მოტყუება ქცეულიყო. იმ იმედით, რომ ადოლფ ჰიტლერი გერმანულენოვანი ხალხების გერმანიაში ინკორპორირებით დაკმაყოფილდებოდა, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები, ნევილ ჩემბერლენი და ედუარდ დალადიე, დათანხმდნენ ჩეხოსლოვაკიის გერმანელებით დასახლებული ტერიტორიის - სუდეტენლენდის - გერმანიისთვის გადაცემას. დაპირების მიუხედავად, სულ რამდენიმე თვეში გერმანული ტანკები პრაღაში შევიდნენ.

სტალინსა და ჰიტლერს შორის დაახლოება გერმანიასთან ომის საშიშროებით თავზარდაცემული ევროპისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ, მაგრამ გადაღლილ ბრიტანეთსა და საფრანგეთს სტალინთან რამე ურთიერთგაგების მიღწევა ჰაერივით ესაჭიროებოდათ გერმანიასთან ახალი ომის თავიდან ასაცილებლად.

რიბენტროპის მოსკოვში ყოფნისას, მოლაპარაკებაზე დასადგურებული მეგობრული ატმოსფერო, ისევე როგორც პაქტის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბანკეტზე შესმული ჰიტლერისა და სტალინის სადღეგრძელოები, ლეგენდად არის ქცეული. ჯგუფური ფოტოს გადაღების წინ იოსებ ბესარიონოვიჩს მოუთხოვია ცარიელი ბოთლების ალაგება მაგიდიდან: მსოფლიომ არ იფიქროს, შეთანხმებას ხელი მთვრალებმა მოვაწერეთო.
რუსული ველიკოდერჟავული იდეის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად ფაშიზმზე გამარჯვება დიდი ხანია იქცა. საბჭოთა კავშირში ეფექტურად დაინერგა რამდენიმე მითი: ბევრს ჯერაც ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო არა 1939 წლის პირველ სექტემბრს, არამედ ორი წლის შემდეგ. „დიდი სამამულო ომის” ცნების დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორწლიანი პერიოდის წაშლა იყო. ეს ბუნებრივია, რადგან მეორე მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა, რომ არა სტალინის ალიანსი ჰიტლერთან, რომელმაც ამ უკანასკნელს პოლონეთზე თავდასხმის საშუალება მისცა.

პაქტის ხელმოწერიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, პოლონელ ჯარისკაცებად გადაცმულმა გერმანელებმა ზემო სილეზიაში, გლაივიცის რადიოსადგურზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყვეს. „აგრესიაზე აუცილებელი პასუხის” (ეს სიტყვათშეთანხმებაც ხომ არ გეცნობათ?) მოტივით, პირველ სექტემბერს გერმანიის ჯარებმა გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი, რითაც დაიწყო კიდეც მეორე მსოფლიო ომი. ორი კვირის შემდეგ ნაცისტებს პოლონეთის ნახევარიც არ ჰქონდათ დაკავებული; პოლონეთის ჯარი ჯერ კიდევ უწევდა წინააღმდეგობას და კონტრშეტევებზეც კი გადადიოდა. ინგლისისა და საფრანგეთის მიერ იმავე დღეს გერმანიისთვის ომის გამოცხადებამ და ოთხ დღეში საფრანგეთის შეტევაზე გადასვლამ პოლონელებს აფიქრებინა, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ჩაბმულნი უიმედო ბრძოლაში.

ლონდონისა და პარიზის ჩართვა ომში არ შედიოდა ჰიტლერის გეგმაში - მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის დიდი დემოკრატიები, ჩეხოსლოვაკიის მსგავსად, პოლონეთის დაყოფასაც ჩაყლაპავდნენ. სწორედ ამ დროს, 17 სექტემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა, იგნაცი მოშიცკიმ, რადიოთი დაუჯერებელი ამბავი ამცნო საკუთარ ხალხს: პოლონეთს ზურგიდან საბჭოთა კავშირმა დაარტყა. წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. სულ რამდენიმე დღეში მოისპო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დიდი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. პოლონეთი გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის თანახმად, ზუსტად შუაზე გაინაწილეს მდინარე ვისლის გასწვრივ. ამას მოჰყვა ნამდვილი სასაკლაოს გაჩაღება პოლონეთის ტერიტორიაზე. სულ მალე, სტალინის უშუალო ბრძანებით, 25.000 პოლონელი ოფიცერი სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში დახვრიტეს. პოლონეთის აღმოსავლეთ რაიონებიდან ასეულათასობით ადამიანი გადაასახლეს ციმბირში. ჰიტლერისა და სტალინის ორწლიანი მოკავშირეობის სიმბოლოდ კი ვერმახტისა და წითელი არმიის მიერ ბრესტ-ლიტოვსკში ჩატარებული ერთობლივი აღლუმი იქცა.

კატინში დახვრეტილ პოლონელ ოფიცრებს შორის იყვნენ პოლონეთის დროშის ქვეშ მებრძოლი ის ქართველებიც, რომლებიც ნაცისტებმა რუსებს გადასცეს. ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე, ბრიგადის გენერალი ივანე ყაზბეგი, ბრიგადის გენერალი კირილე ქუთათელაძე, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე და სხვა ოფიცერთა სახელები, შესაძლოა, ქართველ მკითხველს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მათ ერთგულად ატარეს თავისუფალი საქართველოს იდეა 1921 წლის კოჯრისა და სოღანლუღის ბრძოლების შემდეგ. ისინი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდნენ, რომ სამშობლოს დატოვებიდან 20 წლის შემდეგ სიცოცხლე მოესწრაფებოდათ იმავე ჯალათთა ხელით, ვისაც ისინი თბილისის მისადგომებთან უმკლავდებოდნენ.

პოლონეთის წარმატებით დანაწევრების შემდეგ სტალინმა პირველი მსოფლიო ომის კიდევ ერთ პირმშოს - ფინეთს მიაპყრო მზერა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად, რაკიღა ფინეთს გერმანიის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, კრემლმა ამ ქვეყნის დამორჩილებისა და ანექსიის გეგმა შეიმუშავა. თავდაპირველად ფინეთს მოეთხოვა საზღვრის ლენინგრადიდან სიღრმეში გადაწევა და ხანკას ნახევარკუნძულზე საბჭოთა ჯარების განლაგების ნებართვა. პოლონეთის ტერიტორიაზე გაჩაღებული სასაკლაოს შემყურე ფინეთის მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, აიმო კაიანდერი, დარწმუნებული იყვნენ, რომ სტალინის ნამდვილი მიზანი ფინეთის სრული ანექსია იყო.

1939 წლის 26 ნოემბერს ფინეთის მოსაზღვრე სოფელ მაინილაში რამდენიმე ბომბი დაეცა. გაზეთი პრავდა მომდევნო დღეს იუწყებოდა, რომ „ბურჟუაზიულმა” ფინეთმა იერიში მიიტანა მშვიდობისმოყვარე საბჭოთა კავშირზე. სულ მალე მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ საბჭოთა კავშირმა, ფინეთში შეჭრის გასამართლებლად, საკუთარი თავი დაბომბა ლენინგრადის სამხედრო ოლქის უფროსის, ჟდანოვის განკარგულებით. მარშალ კარლ გუსტავ მანერჰაიმის ტაქტიკური გამჭრიახობის, ფინელი ხალხის მებრძოლი სულისა და ბუნებრივი პირობების კარგად გამოყენების წყალობით, ფინელებმა წითელ არმიას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს და სახელმწიფოს გადარჩენა შეძლეს, თუმცა ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ხელის აღება მოუხდათ.

და მაინც, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და საყურადღებოა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ გაზიარებული ბედი, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათთან ერთად 50 წელი ერთ სახელმწიფოში ცხოვრებამ მოგვიწია და ამ გარემოების გამო სხვებზე უკეთ ვიცნობთ. ამ ქვეყნების ოკუპაცია, უპირველესად, იმით არის საინტერესო, რომ, ერთი მხრივ, პოლონეთის ბედით თავზარდაცემულებმა, უბრალოდ, დანებება არჩიეს; მეორე მხრივ კი, მოსკოვმა მათი ანექსია განახორციელა ერთი გასროლის გარეშე და თან „საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შესვლის” სამართლებრივი ლეგენდა შეთხზა.

პოლონეთის ნაცისტებთან გაყოფის შემდეგ სტალინმა ბალტიის ქვეყნებზე სერიოზული ზეწოლის განხორციელება დაიწყო, „ურთიერთდახმარების” შესახებ ხელშეკრულებათა გაფორმებისა და მათ ტერიტორიაზე „შეზღუდული სამხედრო ბაზების” განლაგების მიზნით. სისხლისღვრის თავიდან აცილების იმედით, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ულტიმატუმებს დათანხმდნენ და საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი საბჭოეთს დაუთმეს - „დროებით” და იმ იმედით, რომ იმპერია ამით დაკმაყოფილდებოდა.

საგარეო პოლიტიკაში ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ერთ-ერთმა მთავარმა რუსულმა ინსტინქტმა ამჯერადაც არ დაიხია უკან: კომპრომისისა და დიალოგისკენ სწრაფვა სისუსტედ და მწვანე შუქად მიიჩნიეს.

1940 წელს ლიტვას წარედგინა ახალი ულტიმატუმი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ხელისუფლებათა ცვლილებას და „პროსაბჭოთა მთავრობის ფორმირებას” გულისხმობდა. ლიტვის მთავრობა ამაზეც დათანხმდა, იმ იმედით, რომ სუვერენიტეტის ნასახს მაინც შეინარჩუნებდა. ლიტვის ბოლო პრეზიდენტი, ანტანას სმეტონა, მიუხედავად სიტუაციის უიმედობისა, ცდილობდა, დაერწმუნებინა მთავრობა წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაში, მაგრამ დამარცხდა და ქვეყანა დატოვა (გარდაიცვალა აშშ-ში). მთავრობის წევრთა აზრით, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან საბჭოთა ჯარები უკვე ლიტვაში იყვნენ. მთავრობა თვითონ შეეცადა ახალი ხელისუფლების ფორმირებას, მაგრამ მოსკოვს აღარაფერი აკმაყოფილებდა, სრული ანექსიის გარდა. 15 ივნისს საბჭოთა ჯარებმა ლიტვის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. სსრკ-ს ელჩმა, დეკანოზოვმა, ახალი „სახალხო” მთავრობა თვითონ ჩამოაყალიბა. დაითხოვეს პარლამენტი - სეიმი - და დაინიშნა ახალი არჩევნები „სახალხო სეიმში.” საარჩევნო კომისიის როლში გამოვიდა ენკავედე, რომელსაც ხმების 90%-ის კომუნისტური პარტიისთვის გაფორმება არ გასჭირვებია. ახლად „არჩეულმა” სეიმმა კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლა მოითხოვა. ლატვიისა და ესტონეთის შემთხვევაშიც ანალოგიური სცენარი განვითარდა, მცირე კორექტივით: სტალინმა ულტიმატუმების ფორმალურ მიზეზად გამოიყენა სასაზღვრო ინციდენტები, რომელთა ინსცენირება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლავრენტი ბერიას ნახელავი იყო. დროც შესანიშნავად შეირჩა: ჰიტლერის პარიზში შესვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პატარა ბალტიის ქვეყნები არავის გაახსენდებოდა.

უსისხლო ანექსიას მოჰყვა სისხლიანი ოკუპაცია. მასობრივი რეპრესიები სამივე რესპუბლიკაში 1940 წელსვე დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებული მასშტაბები 1946-48 წლებში, რუსების დაბრუნების შემდეგ მიიღო. დახვრიტეს ასეულათასობით ადამიანი, ამდენივე გადაასახლეს. ფაქტობრივად, ის სასაკლაო, რომელიც კრემლმა საქართველოში ოცი წელი გააჩაღა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მხოლოდ ორი-სამი წლის განმავლობაში გაიარეს. ოცი წლის განმავლობაში ნალოლიავები სახელმწიფოებრიობის ასეთი სწრაფი მსხვრევა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურების თანაზომადი ტრაგედიის წარმოდგენაც კი ძნელია. მაგალითისთვის, ლატვიელთა აბსოლუტური რაოდენობა ჯერაც ვერ გაუთანაბრდა ომამდელ მაჩვენებელს; ხოლო ლატვიის მოსახლეობაში მათი პროპორცია 80-დან 52 პროცენტამდე შემცირდა.

ამგვარად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ტაქტიკამ, დათმობებისა და კომპრომისის გზით მიეღწიათ რუსეთთან შეთანხმებისთვის და ამ გზით გადაერჩინათ საკუთარი სუვერენიტეტი, კრახი განიცადა. ლატვიის პრეზიდენტი, კარლის ულმანისი, დეპორტით გაგზავნეს ცენტრალურ აზიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1942 წელს. ესტონეთის პრეზიდენტი, კონსტანტინე პატსი, ასევე დეპორტირებული იყო და გარდაიცვალა რუსეთის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

და რა კავშირშია ამ ყველაფერთან საქართველო? რამდენად გამართლებულია პარლამენტის მიერ 23 აგვისტოს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადება?

1939 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და ჩეკას უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, რის შედეგადაც თითქმის განადგურდა საქართველოს ასეულათასობით მოქალაქე, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ელიტა. მიუხედავად ამისა, პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა. შედეგად, როცა დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა შესაძლებელი, პრაქტიკულად აღარ იყო ცოცხალი არც ერთი ადამიანი, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს შექმნასთან. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა იმპერიის მსხვრევაში დიდი როლი ითამაშა, 1991 წელს საქართველოში ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს თანამედროვე სახელმწიფო.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რასაც ჯერაც ვებრძვით და რის დაკანონებასაც რუსეთის მმართველნი კვლავაც ჯიუტად ცდილობენ. „პრივილეგირებული გავლენის სფეროს” აღიარებისა და მეზობელი სახელმწიფოს არჩეული ხელისუფლების შეცვლის სურვილი ყველას კარგად გვახსოვს პრეზიდენტ მედვედევის ბაგეთაგან, საქართველოს ქალაქების დაბომბვის დროს.

პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატიული საქართველო 1921 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მაგრამ სრულიად შესაძლებელია, მიახლოებით დავთვალოთ, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლედ დაგვიჯდა ოკუპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ცნობილია, რომ 1921 წლიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, დახვრეტილია 200 ათასამდე ადამიანი და რეპრესირებულია დაახლოებით ამდენივე. თუ ამას დავუმატებთ მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მიერ გაღებულ არაპროპორციულად მაღალ მსხვერპლს - 400 ათას ადამიანს - გამოდის 800 ათასი ადამიანი, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასტრონომიული რიცხვია. სამწუხაროდ, საკითხის ხანდაზმულობისა და საბჭოთა პერიოდში მისი მიჩუმათების გამო, არც ოკუპაციის ფასი და არც მე-20 საუკუნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიული და სამართლებრივი კონტექსტი, ჩვენს საჯარო დისკურსში ჯერ სათანადოდ გააზრებული არ არის.

სწორედ ამიტომ, მე-20 საუკუნის ისტორიის საფუძვლიანი გადახარშვა, მისი უცნობი დეტალების გამომზეურება და საქართველოს ისტორიის გააზრება ევროპის ისტორიის კონტექსტში აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელ საქართველოზე მეოცნებე არაერთი თაობის იდეათა საბოლოოდ ხორცშესასხმელად.
 

კომენტარები