ღირსება გვავალდებულებს!

ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკა - ასე დაარქვეს 175 წლის წინ ბრაზილიის იმპერიისგან გათავისუფლებულ ქვეყანას ჩარუას ინდიელებისა და ბასკურ-იტალიური წარმოშობის ემიგრანტების შთამომავლებმა. დღეს იქ 3,4 მილიონი კაცი ცხოვრობს და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოს 223 ქვეყანას შორის 131-ე ადგილზეა. ამაზე მცირერიცხოვანი ერი არათუ მსოფლიო ჩემპიონი არ გამხდარა, ფინალურ ტურნირებშიც კი იშვიათად გასულა (ქუვეითი, იამაიკა, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ჰოლანდიის ანტილის კუნძულები). ურუგვაი კი 2-2-ჯერ გახდა მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, კიდევ 3-ჯერ ითამაშა მუნდიალის 1/2 ფინალი და „კოპა ამერიკაც” სარეკორდოდ (არგენტინასთან ერთად) 14-ჯერ მოუგია! აღარაფერს ვამბობთ უამრავ საკლუბო გამარჯვებასა თუ ცალკეული ურუგვაელი მოთამაშეების პერსონალურ მიღწევებზე...

რად ღირს თუნდაც 1950 წლის ჩემპიონატზე „მარაკანაზე” მოგებული გადამწყვეტი მატჩი ბრაზილიასთან, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა და დღემდე უდიდეს გმირობად ითვლება. წელს ურუგვაელებმა, ამ ტრიუმფის 60 წლისთავზე, გამარჯვების გოლის ავტორის ალსედეს ხიგიას ბუცების ასლი ბრინჯაოში ჩამოასხეს და მუზეუმში გამოფინეს. იქვეა მიწერილი მისი სიტყვები: „მსოფლიოში სულ სამმა კაცმა შეძლო 200 000 მყვირალა ბრაზილიელის გაჩუმება – ფრენკ სინატრამ, რომის პაპმა და მე!”

„სელესტემ” ამ ზაფხულს სამხრეთ აფრიკაშიც გაიბრწყინა, უკან ჩამოიტოვა მეზობელი არგენტინა და ბრაზილია, ტოლ-სწორად ეომა ჰოლანდიას და გერმანიას და უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა. დიეგო ფორლანი კი სამართლიანად აღიარეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.

რის ხარჯზე ახერხებენ ურუგვაელ ფეხბურთელთა თაობები ჩვეული დონის შენარჩუნებას? თანდაყოლილი ტექნიკის, ბრძოლისუნარიანობის, პატრიოტიზმისა და საკუთარი ღირსების გრძნობის ხარჯზე!

ნიშანდობლივია, რომ 1936 წლის აგვისტოში, სსრკ-ს თასის პირველ გათამაშებაში, მოსკოვის „სპარტაკის” სტუმრად (6:3) დამმარცხებელ თბილისის დინამოს ჟურნალისტებმა „დიდი ურუგვაელები” შეარქვეს! იმხანად 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონთა თამაში საბჭოელთაგან, ჯაშუშების გარდა, არავის ენახა, მაგრამ ქართველთა შემართებითა და თამაშის ლაღი სტილით აღფრთოვანებულმა სპეციალისტებმა ისინი ლეგენდად ქცეული გუნდის არათუ ტოლად, უფრო მაღლა მდგომადაც კი მიიჩნიეს.

და რა ხდება დღეს?!

ურუგვაიზე ვთქვით – 150 000 კაცი მონტევიდეოში 10 დღეს ზეიმობდა წარმატებას...

...მე კი ამასობაში „ბანიკისა” და „ვიტ ჯორჯიას” თამაშს ვუყურებდი...

ზემოთ ურუგვაელთა გამარჯვების ფორმულის უმთავრეს კომპონენტად ღირსების გრძნობა ვახსენე. ჩემმა ძმაკაცმა გია ტუხაშვილმა გულმოკლულმა შეახსენა ლელოს მკითხველებს ქართული კლუბის სლოგანი: „ღირსება გვავალდებულებს!” ბოლო შედეგის ფონზე ეს განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერს! რას გვავალდებულებს ღირსება?! რომ სახლში 0:6 წავაგოთ არაფრის მაქნის ოსტრაველებთან?! თუ იმას, რომ მათ კაბოვერდელ მცველ ფერნანდო ნევესს, რომელმაც მთელ შარშანდელ სეზონში სამი გოლი გაიტანა, ერთ თამაშში შევასრულებინოთ წლიური ნორმა?!

თუმცა, რა არის გასაკვირი?! როცა გუნდში მეორე მწვრთნელია შედეგზე პასუხისმგებელი, ის იძლევა ინტერვიუებს და ისვე ეწირება წაგებას, მთავარი კი ადგილზე რჩება, ამას ქაოსი ჰქვია!

წააგო ჩემპიონმაც, პრიზიორმა სან მარინოში ფრედ ითამაშა, „დინამოს” ირგვლივ ჭორების მორიგი ტალღა გორდება...
არა მგონია, დღევანდელი ქართული ფეხბურთი ვინმემ შეადაროს ურუგვაულს...

მაინც არ მინდა, ამ სიცხეში პესიმისტურად დავასრულო წერილი და ვინმეს გული მოვუკლა. მით უფრო, რომ დღეს საქართველოს ნაკრებს სათავეში ის კაცი უდგას, ვისთვისაც ღირსება ლოგოზე დაწერილი სლოგანი კი არა, ცხოვრების წესია!

2006 წლის 15 ნოემბერს, ჩემი ქორწინების 20 წლისთავზე, საქართველომ ფორლანიან ურუგვაის 2:0 მოუგო! ჰოდა, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ჩემ მეგობარ თემურ ქეცბაიას გუნდის საევროპო წარმატების იმედით გემშვიდობებით!

P.S. თანაც, მომავალ წელს „ვერცხლის ქორწილი” მაქვს...

კომენტარები