რუსული ფული ქართულ ეკონომიკაში - მითი და სინამდვილე

დღემდე ხელისუფლების წინააღმდეგ ძირითად არგუმენტად რჩება 90-იანების სიმღერა - „იყიდება საქართველო”. მეტიც, ზოგს სჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ოპონენტები საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდნენ „ყველაფრის გაყიდვაში” - ქვეყნის „სტრატეგიული ობიექტებით” დაწყებული, ტყეებითა და მდინარის კალაპოტებით დასრულებული. ძირითადი მყიდველი, რა თქმა უნდა, რუსეთია. შევხედოთ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომ სტატისტიკას: (გრაფიკი N 1)
ჩანს, რომ 2004-2008 წლებში რუსეთის ინვესტიციამ, საერთო ჯამში, 188 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, რუსეთი ინვესტორთა ათეულშიც ვერ მოხვდა.
ოპონენტები ხშირად თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებსაც და სხვა ინვესტორებსაც „რუსებად” მოიაზრებენ. დასაბუთება რა საჭიროა, ისიც კმარა, რომ არსებობს საყოველთაოდ ცნობილი პრაქტიკა, რომელსაც რუსული კომპანიები მიმართავენ - კვიპროსში დარეგისტრირება.
მივათვალოთ რუსეთის ინვესტიციას კვიპროსის ინვესტიციაც. წინასწარი მონაცემებით, 2004-2009 წლების რუსული ინვესტიციის მაჩვენებელი 450 მილიონი აშშ დოლარი იქნება, ანუ საერთო მოცულობის, დაახლოებით, 7%.
შარშან, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 759 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან რუსული მხოლოდ 2 მილიონი ანუ მთელი ინვესტიციების 0.3% იყო. (გრაფიკი N 2)
ფაქტია, რომელი სიმღერაც უნდა ამოიჩემონ მომღერლებმა თუ მომღერალმა პოლიტიკოსებმა, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის გაიხსნა. (გრაფიკი N 3)
1996 -დან 2002 წლამდე საქართველოში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 265 მილიონი აშშ დოლარი - 1998 წელს შემოვიდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში თანხა ყოველწლიურად საშუალოდ 182 მილიონი დოლარით იზრდებოდა. ლიბერალიზაციისა და ანტიკორუფციული ზომების შედეგად გაიზარდა საინვესტიციო მიმზიდველობა: მსხვილმასშტაბიანმა პრივატიზაციის პროგრამამ საქართველოს 2006 წელს ინვესტიციების გაორმაგებული რაოდენობა - 1.2 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა; 2007 წელს გასამმაგებული - 2 მილიარდი; 2008 წელს კი - 1.5 მილიარდი აშშ დოლარი.
ოპონენტებმა ამ პოლიტიკას „აგრესიული პრივატიზაცია” უწოდეს. განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა სტრატეგიული ობიექტების ცნების გაქრობას. ოპოზიციას სულ უფრო ხშირად ელანდებოდა რუსული კვალი. მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ „უკიდურესი ლიბერალიზაციის შედეგად” საპრივატიზაციო ქონების დიდი ნაწილი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით, რუსების ხელში მოხვდა.
ეს მოსაზრება უკეთეს შემთხვევაში შეცდომაა, უარეს შემთხვევაში კი - ტყუილი. 2004 წლიდან 2007 წლამდე რუსული ინვესტიციების გრაფიკი დაღმავალია. 2007 წელს, ზოგადი საინვესტიციო ბუმის ფონზე, როცა შემოსულ კაპიტალდაბანდებათა საერთო მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რუსული ინვესტიციების მოცულობაც გაიზარდა, თუმცა მომდევნო წლებში ისევ დაბალი ნიშნულისკენ დაიწყო თავისუფალი ვარდნა. (გრაფიკი N 4)
იმავე პერიოდში ცალკე აღებული სხვა ქვეყნებიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსულს საშუალოდ 5-ჯერ აღემატება: ნიდერლანდები - 299 მილიონი, ჩეხეთი - 228 მილიონი, ვირჯინიის კუნძულები - 188 მილიონი, დანია - 158 მილიონი, გაერთიანებული სამეფო - 145 მილიონი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 131 მილიონი, თურქეთი - 94 მილიონი აშშ დოლარი.
მაშასადამე, ინვესტიციის მოცულობით, რუსეთის მიერ საქართველოს „შესყიდვა” გამოირიცხა, თუმცა, ბრალდება ამით არ ამოიწურება. ყველაზე ხშირად იმით აპელირებენ, რომ პრივატიზაციის შედეგად, რუსების ხელში ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი მოხვდა. თუმცა, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ინვესტიციები ვარდების რევოლუციამდე განხორციელდა. ჩუბაისის კომპანიამ, RAO UES-მა, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები და აქტივები ჯერ კიდევ 2003 წლის ზაფხულში შეიძინა.
ყველაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურისა და ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მიყიდვას ჩეხური Energo Pro-სთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ჩეხური კომპანია ფასადური, სინამდვილეში რუსული ინტერესების გამტარებელი იყო, თუმცა ამ დრომდე მათ ამ მოსაზრების დამტკიცება უჭირთ. კომპანიის 75% წილის მფლობელი ჩეხი მილიონერი ჯარომირ ტესაა.
კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ: ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე რუთ ბიზკოვა, საექსპორტო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იოზეფ ტაუბერი, რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იოზეფ ვრაბეკი და ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე მარტინ ტლაპა.
მარტინ ტლაპამ 2007 წლის 5 თებერვალს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ Energo-Pro-ს შეთანხმებას საქართველოსთან „მხარს უჭერს ჩეხეთის მთავრობაც”. დღეს Energo-Pro-ს ინვესტიციები საქართველოში ხორციელდება ჩეხური სახელმწიფო საექსპორტო ბანკის მხარდაჭერით, რომელიც კომპანიის უცხოურ ინვესტიციებს 2002 წლიდან უზრუნველყოფს. ჩეხეთის ექსპორტის გარანტირებისა და დაზღვევის კომპანია კი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რისკებს აზღვევს.
ჰიდროელექტროსადგურებისა და ენერგოგამანაწილებლების პრივატიზაცია დღის წესრიგში დადგა 2006 წლის იანვარში, რუსული გაზის გიგანტის - გაზპრომის - მიერ საქართველოს დაშანტაჟებისა და მისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ. ერთი წლის მერე საქართველომ, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხარჯზე, რუსული გაზის იმპორტი შეამცირა. თან ენერგეტიკულ მიქსში გაზის წილის შემცირებაც გადაწყვიტა. ამისათვის ჰიდროპოტენციალის ათვისება და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იყო საჭირო. ჩეხურმა კომპანიამ, Energo Pro-მ, ელექტროენერგიის აქტივები პირველად თანხაზე (312 მილიონი აშშ დოლარი) გაცილებით იაფად (132 მილიონი აშშ დოლარი) იყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ დამატებით 285 მილიონ დოლარს ინფრასტრუქტურაში, აქტივების რეაბილიტაციასა და ახალი სიმძლავრის გამომუშავებაში დააბანდებდა. 2007 წელს, თავის ისტორიაში პირველად, საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანა.
ოპონენტთა კრიტიკა 2005 წელს რუსული Vneshtorgbank-ის მიერ გაერთიანებული ქართული ბანკის ყიდვასაც ეხება. თუმცა, ამ ბანკის პრივატიზება ჯერ კიდევ 1995 წელს მოხდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეკონომიკის ლიბერალიზაციის შედეგად, უცხოელ ინვესტორებს შესაძლებლობა გაუჩნდათ, ქართული კომერციული ბანკების წილები ეყიდათ ან საქართველოში საკუთარი ფილიალები გაეხსნათ: 2006-2008 წლებში სხვადასხვა კომერციულ ბანკში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ საშუალოდ 71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გაერთიანებული ქართული ბანკის ქართველმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, ბანკი რუსი ინვესტორებისთვის მიეყიდათ.
კიდევ ორი შედარებით მცირე ინვესტიცია რუსეთმა 2005 წლის სექტემბერ-ნოემბერში განახორციელა: სექტემბერში რუსთავის აზოტი იყიდა რუსულ-ქართულმა კომპანიამ, Energy Invest-მა, რომელმაც ქარხნის გაკოტრების შემდეგ, აუქციონზე 15 მილიონი აშშ დოლარით აჯობა რუსეთის გაზის გამანაწილებელ დამოუკიდებელ კომპანიას, Itera-ს. Energy Invest-ის გენერალური დირექტორი, გენო მალაზონია, 1999 წლიდან სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის: საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსად და ფინანსთა და განათლების სამინისტროებში მინისტრის მოადგილედ. დღეს ის დაკავებულია 165 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლების მიღებისათვის: პროკურატურის ცნობით, მალაზონიამ ლიცენზირების პირობების დარღვევით დაიწყო საბუღალტრო აღრიცხვა, რითაც საქართველოს ბიუჯეტს 70 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.
მეორე ინვესტიცია რუსეთმა ამავე წლის ნოემბერში განახორციელა: Prominvest-მა მადნეულის 97% შეიძინა - 35 მილიონ დოლარად, ხოლო დამატებით 16 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადა, კომპანიის ვალების დასაფარავად. ეს გარიგება 2005 წელს პრივატიზაციის შედეგად მოზიდული ინვესტიციების მთლიანი ოდენობის დაახლოებით 1/5-ს შეადგენდა.
ეკონომისტი პაატა შეშელიძე პრივატიზაციაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, მთავარია, ობიექტი მუშაობდეს და მომხმარებელს დაბალ ფასად მაღალი ხარისხის მომსახურებით აკმაყოფილებდეს: „მხოლოდ ასეთი ობიექტი შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიულად”.
კრიტიკოსთა მიერ არაერთხელ ნახსენები „სტრატეგიული ობიექტები” - საქართველოს რკინიგზა, ენგურჰესი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების ქსელი - პრივატიზებული არ არის.



 

 

კომენტარები