დაშოშმინების პოლიტიკა

"გადატვირთვა-დაშოშმინების" სიმძიმე

დაშოშმინების პოლიტიკა

"გადატვირთვა-დაშოშმინების" სიმძიმე

დასავლეთი

"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შესახებ შეთანხმების შემდეგ კონგრესში განაცხადა: მდგომარეობა საქართველოში აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას… ამის შემდეგ ზოგიერთებს უკვირთ, თუ რატომ თვლიან საქართველოში, რომ ვაშინგტონმა ისინი მიჰყიდა მოსკოვს "გადატვირთვის" პოლიტიკის სანაცვლოდ… მოუსმინეთ პოლონელებს, ჩეხებს და სხვებს ცენტრალურ ევროპაში და იგივეს გაიგონებთ… ამასვე გაიგებთ რუსი დემოკრატებისგან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მებრძოლი აქტივისტებისგან - რუსი პატრიოტებისგან, რომლებიც, ზეწოლისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებენ მუშაობას”.

ეს გახლავთ ფრაგმენტები ჯონ მაკკეინის მიმართვიდან, რომლითაც იგი წარდგა ნიქსონის ცენტრისა და რიჩარდ ნიქსონის ფონდის კონფერენციაზე ნაციონალური პოლიტიკის შესახებ.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს პოლიტიკურ კვლევათა ცენტრი, რომელიც რიჩარდ ნიქსონის სახელს ატარებს (ის თავად აშშ-ს 37-ე პრეზიდენტმა დააფუძნა). მას ხელმძღვანელობს დმიტრი საიმსი, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაში წავიდა დისიდენტის "წოდებით". ხსენებული ანალიტიკური ცენტრი განთქმულია რუსული ინტერესების ლობირებით შეერთებულ შტატებში და ამ მხრივ დიდი აქტივობით გამოირჩევა.

"გვყავს ჩვენ ასეთი შესანიშნავი თანამედროვე და თანამემამულე დმიტრი საიმსი, რომელიც ვაშინგტონში რეგულარულად და ძალზე წარმატებით ასრულებს პუტინური ბრიგადების როგორც შიდაპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ყველაზე დელიკატურ დავალებებს” (ანდრეი პიონტკოვსკი, რუსი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი). საიმსი ცოტა ხანს მუშაობდა პრეზიდენტ ნიქსონის მრჩევლად საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ხელმძღვანელობდა კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ცენტრს, იყო ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი. 1994 წლიდან წარმართავს ნიქსონის ცენტრის მუშაობას ბატონ პიონტკოვსკის სარკასტულ შენიშვნასთან სრულ შესაბამისობაში, არის მფლობელი და გამომცემელი ჟურნალისა The National Interest. დავამატებ, რომ ნიქსონის ცენტრის დაფუძნების მიზანი იყო იმჟამინდელ პოსტსაბჭოურ-იმპერიული ნოსტალგიით შეპყრობილ და სხვა ოდიოზურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების კვლევა.

დმიტრი საიმსმა თავის ბიოგრაფიულ ცნობებში აღნიშნა: "საკუთარი პროფესიული ცხოვრების პირველი წლები გავატარე მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, სადაც ვმოღვაწეობდი იმ ადამიანთან, რომლის სახელი და გვარია ევგენი პრიმაკოვი. ასევე ვმუშაობდი იგორ ივანოვთან ერთად ნიკოლაი ინოზემცევის (ცნობილი „საბჭოთა” იდეოლოგი, - ი.შ.) უშუალო ხელმძღვანელობით”.

ევრაზიელი ამხანაგი საიმსი არ მალავს, რომ ის და მისი დელეგაციის წევრები მოსკოვში ვიზიტების დროს ხვდებოდნენ რუსული პოლიტელიტის წარმომადგენლებს: იგორ შუვალოვს, ალეკსანდრ ვოლოშინს... ასევე დმიტრი მედვედევს, ვლადიმირ პუტინს... გამორჩეულად კეთილად არის ის განწყობილი დღევანდელი საქართველოს "დიდი მეგობრის" გლებ პავლოვსკის მიმართ. ასე რომ, თავად საიმსის სიტყვებით თუ ვიტყვით, ნიქსონის ცენტრს "რუსეთში არ ჰყავს ერთი რომელიმე კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორი". მისი მოკავშირეები მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარეს არიან. ასე რომ, ცხადია, Simes & Ko-ის სტრატეგიულ პარტნიორებში არ შედიან რუსული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, ისინი, ვინც, სხვებთან ერთად, სენატორმა მაკკეინიმ თავის მიმართვაში მოიხსენია.

რაც შეეხება ზემოთ მოხმობილ ფრაგმენტს სენატორ მაკკეინის გამოსვლიდან, ისიც ბუნებრივი და გასაგებია. იგი გამოხატავს ამერიკული პოლიტიკური ელიტის იმ საკმაოდ დიდი (მემარჯვენე და კონსერვატიული) ნაწილის აზრს, რომელიც შიშობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დათბეს დასავლური ანუ თავისუფალი სამყაროს ღირებულებათა დათმობის სანაცვლოდ.

ყოველივე ზემოთქმული ტიპურ სურათს ქმნის, თუ როგორც ცდილობენ დასავლელი (ევროპელი და ამერიკელი) რეალპოლიტიკოსები რუსეთთან საერთო ენის გამონახვას და ამით ქადაგებენ ე.წ. "დაშოშმინების" პოლიტიკას. ისიც სათქმელია, რომ, აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე ნიქსონის ცენტრის გარკვეული გავლენის მიუხედავად, რაზეც მკითხველს გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა შეექმნას, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ურყევობა, რასაც ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის პოლიტელიტები უპირობოდ აღიარებენ. მოკლედ, რეალპოლიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს საკითხი არ უნდა გახდეს დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შემაფერხებელი ფაქტორი. მაგრამ, ამავე დროს, პერიოდული საჯარო განცხადებები საქართველოს პრობლემის აუცილებელი მოგვარების თაობაზე პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ იხსნება.

რუსეთი

ბუნებრივია, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც უარყო გასული საუკუნის 90-იანი წლების იდეა "ლიბერალური იმპერიის" შექმნის შესახებ, ახალი "ევრაზიული იმპერიის" შესაქმნელად "თავდაუზოგავად იღვწის". სხვათა შორის, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე გაცილებით ადრე სწორედ "რბილი იმპერიის" მომხრე ლიბერალური და დემოკრატიული წრეები, რუს "დერჟიმორდებთან" ერთად, ერთხმად აღნიშნავდნენ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ტრანსფორმირებული "დიადი საბჭოეთის" რეანიმაციის მოახლოებას და აღორძინების გასაღები გახდებოდა "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება" (?!). მათი თქმით, საქართველოს დაშლა იყო სსრ კავშირის ნგრევის გაგრძელება (!) და გარდაქმნილი რუსეთი ისევ შეუდგებოდა ტერიტორიული ნაწილების "აკრეფას" (დაახლოებით ისე, როგორც ეს გააკეთა "საბჭოთა რუსეთმა" მეფის რუსეთის დაშლის შემდეგ). იბადება კითხვა: თუ სსრკ-ის ნგრევა გაგრძელდა საქართველოს დანაწევრებით, პროცესი რატომ არ უნდა გაგრძელდეს რუსეთის დაშლით?

აქვე გახსენების ღირსია რუსი "საბჭოთა" დემოკრატების მიერ 80-იანი წლების ბოლოს მოწოდებული იდეა, რომელიც თეორიულად ასაბუთებდა "ევროპისა და აზიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის" ნაცვლად "ევროპისა და აზიის დემოკრატიული რესპუბლიკების კავშირის" (ყველა „საბჭოურ-ავტონომიური” სუბიექტისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭების გზით შექმნილის) დაფუძნების აუცილებლობას.

დასკვნის სახით თუ ვიტყვით, „დემოკრატიული ევრაზიული ოაზისი” არ გვცილდება.

შეკითხვა, თუ დასავლეთის სახელმწიფოთა ოფიციალური სტრუქტურების პერიოდული შეძახილი, რომელიც რუსეთს არასავალდებულო გზავნილის ფორმით მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიიდან (აშშ-ს სახელმწიფო მდივნის აპარატისა და თავად მდივნის ბოლო განცხადებები, ევროპის პარლამენტის ა.წ. 20 მაისის რეზოლუცია), რა გავლენას ახდენს რუსეთზე, უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამ უკანასკნელის ლიდერებს პასუხი წინასწარ აქვთ გაცემული (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, 2010 წლის 26-30 აპრილი) - ის არ აპირებს არც ერთი რეზოლუციის შესრულებას, ვიდრე დასავლეთი არ აღიარებს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ რეალობას.

ჩვენ 

მაისის პოლიტიკურ თემებზე ბევრი ითქვა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და კიდევ ერთხელ შევეხები მას. ამ თვის პირველი დეკადა ევროპისთვის მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია: 5 მაისი ევროპის საბჭოს შექმნის (1949), 8 მაისი - მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების (1945), 9 მაისი - ევროპის (ე.წ. „შუმანის დეკლარაციის”, 1950) დღეებია.

ყველამ იცის, რომ კაპიტულაციის აქტს გერმანიის სარდლობამ 7 მაისს მოაწერა ხელი. მაგრამ "დიადმა გენერალისიმუსმა" ამხანაგმა სტალინმა ეს აქტი უარყო და მოითხოვა კაპიტულაციის ცნობა გერმანიის სამხედრო ძალების ყველა სახეობის სარდლისგან. ამიტომ გაჩნდა ვერმახტის, ლიუფტვაფესა და კრიგსმარინეს წარმომადგენლების ხელმოწერები კაპიტულაციის მეორე აქტზე, რიმელსაც 8 მაისს მოეწერა ხელი. სტალინმა მიზანს მიაღწია - სსრ კავშირმა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად არ იზეიმა მსოფლიო ომის დასრულება, მან 9 მაისი დააკანონა გამარჯვების აღმნიშვნელ დღედ.

"მსოფლიოს მშრომელი მასების ბელადის" ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ მან 7 მაისს ხელმოწერილ კაპიტულაციის აქტს "წინასწარი ოქმი" უწოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის წარმომადგენლებმა მეორე აქტს ("ძირითად ოქმს") მოაწერეს ხელი, როგორც "ძია ჯოს" (სტალინის მეტსახელი) ახირებას. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, „დიადი საბჭოეთის ბელადების” ეს ნაბიჯი ერთ-ერთი იყო იმ ნაბიჯებს შორის, რომლითაც ხელი შეუწყო იდეოლოგიურ საფუძველზე მსოფლიოს "ცივიომისეული" ორად გაყოფის ტენდენციებს. საქართველო კიდევ სტალინის "პოლიტიკურ აკვიატებას" - 9 მაისს აღნიშნავს ზეიმით.

5, 8 და 9 მაისი – საქართველოს სახელმწიფოსა და, რაც ყველაზე მთავარია, ქართული საზოგადოებისთვის, ევროპული ინტეგრაციის (ანუ თავისუფლების მომტან) თარიღებად უნდა იქცეს. შეიძლება რომელიმე "ულტრასოციალლიბერალმა" უკმაყოფილება გამოთქვას გარკვეული თარიღების მიმართ გამოხატული ყურადღების გამო და უმნიშვნელოდ მიიჩნიოს მათდამი გამოკვეთილი დამოკიდებულებისთვის ხაზგასმა. სხვისი რა მოგახსენოთ და ჩემთვის მიუღებელია ეს მოსაზრება. მიზეზი ის გახლავთ, რომ თარიღებს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც თითოეულ მათგანს გარკვეული პოლიტიკური შეხედულება უმყარებს საფუძველს. ეს შეხედულებები კი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ამასთან, ასახავს საზოგადოების მიმართებას იმ ღირებულებებისადმი, რომელთა დაცვა სწორედ პოლიტიკურ სისტემათა სფეროს განეკუთვნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მთავარი ყოფილა საქართველოს არჩევანი თავისუფლებასა და ქვეშევრდომობას შორის.

კომენტარები