პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება

გათავისუფლებული პედაგოგი ჰყვება, რომ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

ფოთის მე -15 საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი იგორ კეკელია TV პირველთან ჰყვება, რომ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, კადრების ავთენტურობა და გავრცელების წყარო პროკურატურას ჯერ არ დაუდგენია. 

იგორ კეკელიას თქმით, ამბავს სკოლაში დაშინება, ბულინგი და ზეწოლა მოჰყვა. 

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გავრცელდა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სავარაუდო გავრცელების შესახებ მაცნობეს პოლიციიდან, მე გამოვცხადდი, რასაკვირველია, პოლიციაში, რადგან ეს საქართველოს კონსტიტუციით არის მძიმე დანაშაული, მე კატეგორიულად მოვითხოვე, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და სავარაუდო გავრცელების ფაქტი თუკი ნამდვილად დადასტურდებოდა, სავარაუდო გამვრცელებლებიც, ბუნებრივია, უნდა დასჯილიყვნენ.

პროკურატურას გონივრული ვადა უკვე ჰქონდა იმისათვის, რომ 10 დეკემბრიდან დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა...

შემდეგ, მე რატომღაც ველოდი, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები გარკვეულ ემპათიას გამოხატავდნენ დაზარალებული პედაგოგის მიმართ, თუმცა დაზარალებულის სტატუსი დღემდე არა მაქვს მიღებული, მოწმის სტატუსით ვარ დაკითხული პოლიციასა და პროკურატურაში. ამას მოჰყვა სკოლაში დაშინება, ბულინგი, ზეწოლა. თუკი მსგავსი კადრები გავრცელდა, ეს ხელს შეუშლის სკოლაში შენს საქმიანობას, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტს, ამიტომ შენ უნდა დაწერო განცხადება და წახვიდე სამსახურიდანო" - ამბობს კეკელია TV პირველთან. 

მასწავლებლის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს, რომ "ვიდეომასალა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა ნახა", თუმცა სახელმწიფომ ამ ეტაპზე დამნაშავეთა გამოვლენა ვერ უზრუნველყო. 

"ფოთში დეკემბრის თვეში მთელი ქალაქის მასშტაბით გავრცელდა ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგის იგორ კეკელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები - მძიმე და დამამცირებელი ფაქტი, რომლის შედეგებიც დღემდე გრძელდება.

საქმის მიმართ ქალაქში არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გიზიარებთ ინფორმაციას:

ვიდეომასალა ნახა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა, თუმცა მისი ავთენტურობა და გავრცელების წყარო დღემდე არ არის დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საქმე პროკურატურის წარმოებაშია. სახელმწიფომ ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყო - დამნაშავეთა გამოვლენა.

დავიცავ დაზარალებული მასწავლებლის ინტერესებს.

ვიდეოკადრების გავრცელებამ პედაგოგს მიაყენა მძიმე მორალური ზიანი, დააზიანა მისი რეპუტაცია, პროფესიული ავტორიტეტი და პირადი ცხოვრება.

სისხლის სამართლის საქმეზე არანაკლებ მძიმე მოვლენები განვითარდა ქ. ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში (ე.წ. "ბალავრის სკოლა“), სადაც დაზარალებული ასწავლიდა.

არსებული ფაქტებიდან იკვეთება, რომ სკოლამ აირჩია უმარტივესი, მაგრამ უკანონო გზა - პრობლემის მოგვარება დაზარალებულის სამსახურიდან გათავისუფლებით. ნაცვლად მისი დაცვისა, სკოლამ დაიწყო პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგის სკოლიდან გაშვებას.

მოულოდნელად სკოლაში გაჩნდა სხვადასხვა საჩივარი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს საჩივრები სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა უკიდურესად მოკლე ვადებსა და დარღვეული პროცედურებით:

პედაგოგს არ მიეწოდა საჩივრების შინაარსი;

არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა;

კომისია ჩატარდა კვირა დღეს, სხდომის ოქმი კი სხვა დღით დათარიღდა.

30 დეკემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაათავისუფლეს სამსახურიდან" - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები