ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელ იგორ კეკელიას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
"პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.
იგორ კეკელიას კი მუქარის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
დაზარალებული პედაგოგი გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა არ შეეფარდოს. სავარაუდოდ, იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.
გრძელდება საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა დანაშაულებრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირების მიზნით" - წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, 11 იანვარს პედაგოგი TV პირველთან ინტერვიუში ამბობდა, რომ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, კადრების ავთენტურობა და გავრცელების წყარო პროკურატურას ჯერ არ დაუდგენია.
იგორ კეკელიას თქმით, ამბავს სკოლაში დაშინება, ბულინგი და ზეწოლა მოჰყვა. 30 დეკემბერს კეკელია სკოლიდან გაათავისუფლეს.
მასწავლებლის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ "ვიდეომასალა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა ნახა", თუმცა სახელმწიფომ ამ ეტაპზე დამნაშავეთა გამოვლენა ვერ უზრუნველყო.
"არსებული ფაქტებიდან იკვეთება, რომ სკოლამ აირჩია უმარტივესი, მაგრამ უკანონო გზა - პრობლემის მოგვარება დაზარალებულის სამსახურიდან გათავისუფლებით. ნაცვლად მისი დაცვისა, სკოლამ დაიწყო პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგის სკოლიდან გაშვებას.
მოულოდნელად სკოლაში გაჩნდა სხვადასხვა საჩივარი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს საჩივრები სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა უკიდურესად მოკლე ვადებსა და დარღვეული პროცედურებით:
პედაგოგს არ მიეწოდა საჩივრების შინაარსი;
არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა;
კომისია ჩატარდა კვირა დღეს, სხდომის ოქმი კი სხვა დღით დათარიღდა.
30 დეკემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაათავისუფლეს სამსახურიდან" - წერდა მიგინეიშვილი.





