ქართული ოცნება

კობახიძე: ივანიშვილის პოლიტიკური წონა გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს ეფუძნება

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის გარე მტრებისა და მათ ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმად მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წელს დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე ამ საკითხზე ქართულის საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში, ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია.

რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.

სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

კომენტარები