ბავშვზე ძალადობა

ზუგდიდში ბაღის აღმზრდელმა ბავშვზე, სავარაუდოდ, იძალადა – სსდმც-მ მას უფლებამოსილება შეუჩერა

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღი
კადრი ვიდეოდან/TV პირველი

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, იძალადა - ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ვიდეოს TV პირველი ავრცელებს. 

TV პირველის ცნობით, ვიდეო მასწავლებელმა თავად გაუგზავნა შემთხვევით მშობელს. 

ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ "ინციდენტის მონაწილე" აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა. 

"ცენტრის რეაგირება იყო მყისიერი, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.

სსდმ ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები.

ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე იმყოფებოდნენ ჩვენი ცენტრის იურისტი და ცენტრის დირექტორის მოადგილე. ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს" - წერია ცენტრის განცხადებაში. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლით. 

კომენტარები