რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა, მათ შორის, "ორეშნიკი" გამოიყენა

pravda.com.ua

რუსეთმა უკრაინაზე 600 დრონით და 90 რაკეტით, მათ შორის,  საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტით, "ორეშნიკით" მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იერიშის მთავარი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იყო, ხოლო ქვეყნის მასშტაბით იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 100 დაშავდა, ხოლო კიევში 30 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ზაფხულში წყალზე მომატებული მოთხოვნის ფონზე წყალმომარაგების სისტემებზე მიზანმიმართულად მიიტანა იერიში.

"ორეშნიკის" გარდა, რუსეთმა იერიშისთვის გამოიყენა "კინჟალის" ტიპის 2 ცალი აერობალისტიკური რაკეტა, "ცირკონის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო 3 ცალი რაკეტა, "ისკანდერ-მ" ტიპის 30 ბალისტიკური რაკეტა და "ისკანდერ-კ" ტიპის 54 ფრთოსანი რაკეტა

წინასწარი მონაცემებით, უკრაინამ 690-იდან 604 სამიზნის მოგერიება შეძლო, კერძოდ, 55 რაკეტა და 549 მოიერიშე დრონი ჩამოაგდო. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 მაისს განაცხადა, რომ კიევზე პოტენციური მასშტაბური თავდასხმის ფარგლებში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკის" გამოყენებასაც აპირებს. 

ზელენსკიმ რუსეთის შესაძლო იერიშთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინულ დაზვერვასა და დასავლელი პარტნიორების მიერ გაზიარებულ ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ "ორეშნიკის" რაკეტა თავდაპირველად 2024 წლის ნოემბერში გამოიყენა, როდესაც ოკუპანტებმა ქალაქ დნიპროზე იერიში მიიტანეს. "ორეშნიკით" უკრაინაზე ბოლო თავდასხმა კი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. 

კომენტარები