რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინულმა დრონებმა ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანეს

23 მაისის ღამეს ნოვოროსიისკში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა. გავრცელდა იერიშების ამსახველი ვიდეოებიც, რომლებშიც რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებას ცდილობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიწვა რამდენიმე ტექნიკური და ადმინისტრაციული შენობა, ხოლო დრონების ნამსხვრევები საწვავის ტერმინალის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამავე ცნობებით, დრონების შეტევის დროს ქუჩაში მყოფი სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ნოვოროსიისკის აღმოსავლეთ რაიონში.

რუსული ტელეგრამ პროექტი Astra-ს თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო ნავთობბაზა "გრუშოვაია ბალკა". გარდა ამისა, უკრაინული შეტევის შემდეგ კვამლი ადიოდა ნავთობტერმინალი "შესხარისიდანაც", რომელიც ნოვოროსიისკის სანაპიროზე მდებარეობს და "გრუშოვაია ბალკადან" 12 კილომეტრითაა დაშორებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 23 მაისის ღამეს 348 უკრაინული დრონი მოიგერიეს კრასნოდარის, შავი და აზოვის ზღვის წყლებისა და ოკუპირებული ყირიმის არეალში. 

შესხარისი რუსეთის სამხრეთში უდიდესი ნავთობტერმინალია. მასზე იერიში უკრაინულმა დრონებმა აპრილშიც მიიტანეს.

 

კომენტარები