ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებაა.
საია კრიტიკულად აფასებს სასამართლოს მიერ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას. ორგანიზაციის აზრით, "ასეთი მიდგომით, იქმნება დასაბუთებული შთაბეჭდილება, რომ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე პოზიციონირებს, როგორც ბრალდების მხარე".
"გამოდის, რომ, იმ პირობებში, როცა, სისხლის სამართლის დევნის განმახორციელებელი ორგანო, რომელსაც სასამართლოში ეკისრება მტკიცების ტვირთი, ვერ წარადგენს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მის ფუნქციებს ითავსებდეს მოსამართლე და განაჩენის ეტაპზე ახდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რადიკალურად განსხვავებული მუხლით პირის ბრალდებას.
ცხადია, სასამართლოს, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არ ირღვევა ბრალდების უცვლელობის პრინციპი, როდესაც ქმედება ბრალის ორგანული ელემენტია და დაცვის მხარისთვისაც შესაძლოა განჭვრეტადი იყოს კვალიფიკაციის ცვლილება, შეუძლია შეცვალოს კვალიფიკაცია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სასამართლომ შეითავსა ბრალდების მხარის ფუნქციები" - წერს საია.
ორგანიზაციის განცხადებით, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლებითა და საპროცესო გარანტიებით სრულყოფილ სარგებლობას.
"საქართველოს სსსკ–ის 38–ე მუხლის მე–5 ნაწილი ადგენს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბუნებრივია, თუ ბრალდებულმა არ იცის წინასწარ, გარკვეული დროით ადრე, მისთვის წარდგენილი (წარსადგენი) ბრალდების ფორმულირების შესახებ, იგი ვერ მოახერხებს სათანადოდ მომზადებასა და დაცვის პოზიციების შემუშავებას.
სწორედ პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება არის ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარეს შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორ და რა მოცულობით მოუწევს თავის დაცვა, როგორ წარიმართება გამოძიებასა და სასამართლოში საქმე, ბრალდების მხარის პოზიციის გამაბათილებელი რა მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული, რომ სასამართლო ეტაპზე შესაბამისად წარმართოს მტკიცებულებების გამოკვლევა (მათ შორის, მოწმეთა დაკითხვა), ანუ დაგეგმოს დაცვის მთელი სტრატეგია და პროცესის განმავლობაში დაიცვას თავი. სულ სხვა რეალობის წინაშე დგება დაცვის მხარე, როდესაც სასამართლო მოულოდნელად გადააკვალიფიცირებს ბრალად წარდგენილ მუხლს არსობრივად და თვისებრივად განსხვავებულ მუხლზე, ანუ იმ მუხლზე, რომლის მიმართაც დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა დაეცვა თავი. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევაც სწორედ ეს არის. ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ყველასათვის მოულოდნელად განაჩენს ადგენს თვისებრივად და არსობრივად მკვეთრად განსხვავებულ მუხლზე, ეს პირდაპირ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, რასაც ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი.
შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, პირის ბრალეულობა ამტკიცოს სწორედ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რათა, ერთი მხრივ, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოება და, მეორე მხრივ, წინასწარ, სათანადოდ, ჯეროვნად მოემზადოს დაცვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას" - წერს საია და განმარტავს, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის თავდაპირველად წარდგენილი და განაჩენის გამოცხადებისას გადაკვალიფიცირებული ბრალდებები არსებითად განსხვავდება როგორც სამართლებრივი ობიექტით, ისე ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობით.
"კორუფციული დანაშაული უკავშირდება საჯარო მოხელის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ქონებრივი სარგებლის გზით, მაშინ როდესაც საბოტაჟი მიმართულია სახელმწიფოს უსაფრთხოების, ეკონომიკური ან კონსტიტუციური სისტემის განზრახ დაზიანებისკენ. შესაბამისად, სახეზეა, არა მხოლოდ, სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილება, არამედ ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსის არსებითი ტრანსფორმაცია.
ასეთ პირობებში სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილება ფაქტობრივად შეგვიძლია შევაფასოთ პროკურატურის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებისგან დამოუკიდებელი ახალი დანაშაულის შემადგენლობად, რაც ბრალდებულს ართმევს შესაძლებლობას, წინასწარ იცოდეს და ეფექტიანად დაიცვას თავი იმ სამართლებრივი შეფასებისგან, რომელიც საბოლოოდ დაედო საფუძვლად განაჩენს. შესაბამისად, სასამართლო გასცდა ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას და შეითავსა ბრალდების მხარისთვის დამახასიათებელი როლი.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია საბოტაჟი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას უფრო მცირე ვადით, ვიდრე ლ. ხაბეიშვილისთვის პირველ ეტაპზე ბრალად წარდგენილი ქმედება, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად ვერ აქცევს ასეთ ცვლილებას ბრალდებულის სასარგებლოდ განხორციელებულ ცვლილებად, ვინაიდან შეიცვალა არა მხოლოდ სანქცია, არამედ ბრალდების სამართლებრივი ბუნება, ობიექტი და მტკიცების საგანი.
მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სს საქმეში ასევე ფიგურირებდა ბრალდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით, აღნიშნული გარემოება ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ კორუფციული დანაშაულიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად კვალიფიკაციის შეცვლით სასამართლომ მოახდინა ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსის სრული ტრანსფორმაცია, რამაც წაართვა ბრალდებულს დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.
საგულისხმოა, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლემ ისეთი ფაქტები დაადგინა, რომლებიც თვისებრივად და არსობრივად ძალიან შორსაა წარდგენილი ბრალდების არსისგან, მაგრამ შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს, ქმედება არ უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდებული უნდა გამართლდეს.
შესაბამისად, საიას შეფასებით მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სცდება კვალიფიკაციის შეცვლის დასაშვებ ფარგლებს, წარმოადგენს ბრალდების არსებით ტრანსფორმაციას და იწვევს დაცვის უფლებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას" - წერს საია და ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში არაერთ გახმაურებულ საქმეზე შეცვალა სასამართლომ კვალიფიკაცია.
"ეს თავის მხრივ, პროკურატურის მხრიდან გაურკვეველი სისხლის სამართლის პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც, ძირითადად, იმ საქმეებში ვლინდება თვალსაჩინოდ, რომლებიც პოლიტიკური მდგენელის არსებობის მაღალ რისკს შეიცავენ.
საქართველოს პროკურატურა არის სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო. რომლის წარმომადგენლებსაც აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად უნდა ჰქონდეთ (და ივარაუდება, რომ აქვთ) შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია; ამასთან პროკურატურა ცენტრალიზებული უწყებაა, რომლის ფარგლებშიც, მართალია პროკურორი სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება იმდენად სუსტია ქართულ რეალობაში, რომ ქმედება კონკრეტული მუხლით კვალიფიკაციამდე ივარაუდება, რომ გადის არაერთი პროკურორის კონტროლს, მით უფრო, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რის მიუხედავადაც ბრალდება მაინც ვერ ახერხებს წარდგენილი კვალიფიკაციით დააყენოს სასამართლოში განაჩენი.
ამასთან, საყურადღებოა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მურთაზ ზოდელავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმედ შერჩეული პირები და სხვა გარემოებები იმთავითვე ბადებდა ეჭვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნაკლებ შესაძლებელი იქნებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა" - წერია განცხადებაში.





