საია

საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სარჩელები შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა.

საიას განცხადებით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ორგანიზაციამ იუსტიციის უმაღლეს სკოლას 11 ივლისს, იუსტიციის საბჭოს კი - 9 აგვისტოს მიმართა, თუმცა მათ მოთხოვნაზე პასუხი დღემდე არ გაუციათ.

"საია ხსენებული განცხადებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა, მოსამართლეების დანიშვნის ვადები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა, საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა". - წერია საიას მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციას არ გასცემენ, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც აქვთ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე მეტყველებს.

კომენტარები