ლელო-ძლიერი საქართველო

ლელო-ძლიერი საქართველომ მოქალაქეების მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრი შექმნა

კოალიციამ ლელო-ძლიერი საქართველო მოქალაქეების მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრი შექმნა. ამის შესახებ მათმა წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. 

თურაზაშვილის თქმით, ისინი დაეხმარებიან ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ქართული ოცნება "ყურადღებას არ აქცევს", მათ შორის, მისივე განცხადებით, პენსიონერებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს.

"გაცნობებთ, რომ შევქმენით მოქალაქეთა მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრი. ლელო-ძლიერი საქართველოს იურისტების გუნდმა გადავწყვიტეთ, გაძლიერებული რესურსით გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, ახლა უკვე მოქალაქეთა მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრის ფარგლებში.

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენი უამრავი მოქალაქე მძიმე რეალობასა და ყოველდღიურობას უბრალოდ ვერ უმკლავდება. ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ქართული ოცნების მიერ დამკვიდრებული არასწორი, არაკომპეტენტური და თანაგრძნობისგან დაცლილი პოლიტიკის გამო იჩაგრება. 

  • პენსიონერები, არამხოლოდ ასაკობრივი, ყველა ის ადამიანი, ვინც ლიბერთი ბანკში რაიმე სახის პენსიას იღებს, უკიდურეს გაჭირვებაშია. ამას ემატება ლიბერთი ბანკის მიერ მათი უსასრულო ძარცვა. 
  • მარტოხელა მშობლებისთვის რეალური მხარდამჭერი პროგრამები არ არსებობს და მათ ჯოჯოხეთის გავლა უწევთ, რომ საკუთარ შვილებს ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნან. 
  • მრავალშვილიანი მშობლები, ფაქტობრივად, მთელ რესურსს შვილებს ახმარენ და უარი აქვთ ნათქვამი პირად მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. 

ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება მომატებული ფასების ფონზე, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ასევე კომუნალურ გადასახადებსა და საწვავზე. ამ ადამიანებს ქართული ოცნება ყურადღებას არ აქცევს არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე. უარს ეუბნებიან განცხადების მიღებაზე, კონსულტაციის გაწევაზე, ხშირად უბრალოდ არც კი უსმენენ. ჩვენს მოქალაქეებს ბიუროკრატიასთან გამკლავება უჭირთ". - თქვა თურაზაშვილმა.

თურაზაშვილი ამბობს, რომ ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერას გაუწევენ.

"ჩვენ დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ, კონსულტაციას გაგიწევთ, დოკუმენტებს მოგიმზადებთ, თქვენს უფლებებს დავიცავთ ყველგან, თუ საჭირო გახდა, სასამართლოშიც კი. თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ ეს უსამართლობა, რაც დღეს საქართველოშია გამეფებული, ერთად დავასრულოთ. მოგვწერეთ, დაგვიკავშირდით, მოგვმართეთ". - თქვა თურაზაშვილმა.

კომენტარები