17 მაისს რუსული სამთავრობო ტელევიზია Россия 1-ის გადაცემაში კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსეთზე უკრაინული დრონებით თავდასხმების ფონზე, მის შვილებს "მთელი ერთი თვეა დერეფანში სძინავთ".
რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხს მოსკოვზე ერთ-ერთი უდიდესი იერიშის შესახებ სრული რეპორტაჟი არ გაუკეთებია. გადაცემაში წამყვანმა დმიტრი კისელიოვმა დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობებს მხოლოდ 30 წამი დაუთმო, ხოლო სიმონიანმა განაცხადა, რომ უკრაინული დარტყმები წარმოადგენს ფსონს "რუსეთის შიგნით სამოქალაქო დაპირისპირებაზე." სიმონიანმა ასევე დაამატა, რომ მის შვილებს "უკვე ერთი თვეა, რაც დერეფანსა და გარდერობში სძინავთ," რის შემდეგაც რუსმა სენატორმა, ოლეგ მოროზოვმა განაცხადა, რომ ხალხი დრონებით იერიშებზე "სტრატეგიული პასუხის მოლოდინშია".
"რატომ დაფრინავენ ეს დრონები? ამ გზით რუსეთს გაანადგურებენ? სამხედრო თვალსაზრისით ამის მნიშვნელობა ნულია. ეკონომიკური ზიანი ვერ შეედრება იმას, თუ რამდენი იხარჯება ყოველივე ამაზე, და ვერც იმას, თუ რამდენ საპასუხო დარტყმას იღებენ პასუხად. რატომ დაფრინავენ?" – იკითხა სიმონიანმა რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში.
მისი თქმით, უკრაინის იერიშების მიზანი ახალგაზრდებსა და სხვა მერყევ ხალხზე გავლენის მოხდენაა: "მათ [უკრაინელებს] უნდათ, რომ აქ ბევრი უკმაყოფილო, შეშინებული, გაბრაზებული ხალხი გაჩნდეს, რომლების იტყვიან, რატომ გვჭირდება ეს, როგორ დაგვემართა, მშვიდობით ვცხოვრობდითო".
"ისინი ვერ ითმენენ, რომ აქ ხალხმა მიტინგები დაიწყონ და ჩვენ, როგორ ვთქვა, ჯგუფებად დაშლა დავიწყოთ... ისინი ფსონს დებენ ჩვენ შორის სამოქალაქო დაპირისპირებაზე." – დაამატა მან.
კრემლის პროპაგანდისტმა მაგალითად საკუთარი ოჯახიც მოიყვანა: "დრონები დაფრინავენ, არასასიამოვნოა, საშიშიც. ჩემს შვილებს უკვე ერთი თვეა, რაც დერეფანსა და ასევე გარდერობში სძინავთ." – თქვა სიმონიანმა




