გამოხატვის თავისულფების შემზღუდველი სამმართველო

პაპუაშვილი სამმართველოზე: ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი სპეციალური სამმართველოს შექმნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არამედ საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან "ქვეყნის არაკეთილმოსურნეები" ამ ინსტრუმენტს იყენებენ იარაღად ქვეყანაში არეულობის შემოსატანად.

"ერთი რამე უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, განსაკუთრებით ჩვენ ამას ვხედავთ სოციალურ მედიაში, ვინაიდან აქვს ფართო წვდომა ადამიანების გონებებამდე, ასე ვთქვათ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის ენის თუ ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილის და ზიზღის წაქეზება და დათესვა - ვატყობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში.

სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად, შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას იმისთვის, რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში შემდეგ თავის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ. […] ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა." - თქვა პაპუაშვილმა.

ივანიშვილის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ზიზღის დათესვას ცდილობენ ის ადამიანები, რომლებსაც "იხუტებს დღეს ბრიუსელი." მათ შორის დაასახელა ელჩები და ევროპარლამენტარებიც. პაპუაშვილის აზრით, ბრიუსელის ღირებულებები საქართველოსთვის დამაზიანებელია, ამიტომ ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფასეულობებს.

"უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ჩვენ ბრიუსელის ფასეულობებს ვხედავთ, სადამდეც მივყავართ იმიტომ, რომ ზიზღის ენა სწორედ იქედან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაში ჩართულია საქართველოში, ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენით არიან ჩართულები, ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ. ყველას, ვინც კი, თუ დააკვირდებით, სოცმედიას განსაკუთრებით, ყველა, ვინც კი ზიზღს თესს სოცმედიაში, ყველას, მაგალითად, იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს.

ეს ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე სახელებია, ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი, ისინი არიან სწორედ, ვინც საზოგადოებაში ცდილობს, რომ ზიზღი დათესოს. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩანს, რომ არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ამიტომ ჩვენ ჩვენსას დავუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ და სხვებისგან თავს მოხვეულ ზიზღს და დაპირისპირებას და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის თქმით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება."

კომენტარები