ნეონაცისტური და ძალადობრივი დაჯგუფების, მანიაკთა მკვლელობის კულტის (МКУ) ლიდერს, მიხაილ ჩხიკვიშვილს, რომელიც მაისში მოლდოვიდან აშშ-ში იქნა ექსტრადირებული, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საკუთარი ბრალის აღიარების შემდეგ მას სასჯელის სახით ჩხიკვიშვილს თავისუფლების 40 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა.
The New York Post-ის ცნობით, 22 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც რადიკალურ ჯგუფებში მეთაური ყასაბის სახელით იყო ცნობილი, ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში მწვანე საპატიმრო ფორმაში გამხდარი და გაფითრებული წარდგა. გამოცმა წერს, რომ როდესაც აშშ-ს საოლქო მოსამართლე კეროლ ბეგლი ემონი განაჩენს კითხულობდა, ჩხიკვიშვილი ცრემლებს ძლივს იკავებდა.
"ბრალდებულს სასჯელი მისი დამახინჯებული შეხედულებების გამო არ ენიშნება - მას სასჯელი მოქმედებისკენ მოწოდებების გამო ენიშნება" - თქვა ემონმა.
ის ავრცელებდა ბომბის დამზადების ინსტრუქციებს, შხამების რეცეპტებს და "მოძულის სახელმძღვანელოს" - მანიფესტს, რომელიც ადიდებდა ჰიტლერს, ამერიკელ ტერორისტ ტიმოთი მაკვეისა და სატანას და ამავდროულად სკოლებში სროლებსა და უმცირესობებსა და ებრაელებზე თავდასხმებს ახალისებდა.
ჩხიკვიშვილი, რომელსაც ქალაქ ნიუ-იორკში რასობრივ უმცირესობებსა და ებრაელ ბავშვებზე თავდასხმა სურდა, ტერაქტებისთვის თანამოაზრეების რეკრუტირებას ცდილობდა. 2023 წლის ნოემბრიდან ის ახალი წლის ღამეს შესასრულებელ თავდასხმაზე მუშაობდა. მისი გეგმის მიხედვით, თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის რიცინით მოწამლული კანფეტები უნდა მიეცა. ახალისებდა აფეთქებებსა და ხანძრის განზრახ გაჩენასაც. პირი, რომლის რეკრუტირებასაც ჩხიკვიშვილი ცდილობდა, აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) აგენტი აღმოჩნდა, დაჯგუფების ლიდერის გეგმა ჩაიშალა და შემდეგ, 2024 წლის ივლისში, ის მოლდოვაში დააკავეს. მაშინ ის 21 წლის იყო.
აშშ-ს იუსტიციის სამინიტრომ, მისი პროპაგანდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტსაც დაუკავშირა, მათ შორის 2025 წლის იანვარში ქალაქ ნეშვილის ანტიოქის საშუალო სკოლაში მომხდარ სროლას, სადაც მოსწავლემ თანაკლასელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პროკურორების თქმით, თავდამსხმელმა ინტერნეტში გამოქვეყნებულ მანიფესტში ჩხიკვიშვილი და მისი დაჯგუფება ახსენა.
ჩხიკვიშვილის ადვოკატმა, ზაქარი ტეილორმა სასამართლოს შემწყნარებლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი ინტერნეტში მაშინ რადიკალიზდა, როდესაც დეპრესიული და ბულინგის მსხვერპლი მოზარდი იყო და მისი "თავის ტვინის შუბლისწინა ქერქი" ჯერ სრულად განვითარებული არ იყო.
ტეილორის თქმით, მისი კლიენტი თითქმის ორწლიანი პატიმრობის განმავლობაში შეიცვალა - კითხულობდა ბიბლიას, ბერძნულ ლიტერატურას და ნელსონ მანდელას "გრძელი გზა თავისუფლებისკენს".
თავად ჩხიკვიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ ონლაინ ექსტრემიზმმა მთლიანად მოიცვა. "ტვინს ნაგვით ვავსებდი... ინტერნეტი ჭაობივით მითრევდა ქვემოთ. ეს მახე იყო" - თქვა მან.
"ვისურვებდი, შემეძლოს ამ ახალგაზრდებისთვის იმის ახსნა, რაც მე გამოვიარე, რათა ამ გზაზე არ დადგნენ" - თქვა მან და დაამატა, რომ ყველაზე რადიკალიზებულ პერიოდშიც კი სინდისის ქენჯნას გრძნობდა იმის გამო, რომ მამის მხრიდან ბაბუა ებრაელი ჰყავდა.
"როცა ჩემს წარსულს ვუყურებ, საკუთარ თავს სულელ და მშიშარა ადამიანად ვხედავ" - თქვა ჩხიკვიშვილმა.
NYP წერს, რომ მოსამართლე ემონი, როგორც ჩანს, ბრალდებულის განცხადების ნაწილებით დარწმუნებული არ იყო. "ნამდვილად გულწრფელია მისი სინანული? ბრალდებული ამტკიცებს, რომ ღმერთი იპოვა, რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ თავის მხსნელ სატანაზე უარი თქვა" - თქვა მოსამართლემ პროცესისას.
ცნობისთვის, ჩხიკვიშვილმა 2025 წლის ნოემბერში ბრალის აღიარების შემდეგ, 2026 წლის აპრილში მოსამართლეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის თავისი დანაშაულებების გამო ბოდიშს იხდიდა და სინანულს გამოხატავდა. წერილში მან ბოდიში ქართველ ხალხსაც მოუხადა.
"მსურს ეს წერილი ბოდიშით დავიწყო. ძალიან ვწუხვარ ჩემი ქცევის გამო და ბოდიშს ვუხდი ებრაელებს, შავკანიანებს და, ფაქტობრივად, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიზანში ვიღებდი. [...] ვაცნობიერებ, თუ როგორ მოქმედებს სიძულვილით სავსე ონლაინ-პროპაგანდა რეალურ სამყაროზე. წავიკითხე ანტიოქის სკოლის სროლის საქმესთან დაკავშირებული წერილები, რის შემდეგაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ნორმალურად ვერ მეძინა. ძალიან მრცხვენია, რომ იმ პერიოდში საკუთარ თავს ძალადობრივი ქმედებების წახალისების და "მოძულის სახელმძღვანელოს" ავტორობის უფლება მივეცი.
შემდეგ მსურს ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს და ქართველ ხალხს. ის არ არის გამართლება, რომ საქართველოდან ვარ - ჩემი ქვეყანა პატარა 'სადნობი ქვაბია' - ჩემი ოჯახიც ამის მაგალითია: მეც და ჩემს ოჯახსაც გვაქვს სომხური, ებრაული და რუსული ფესვები" - წერდა ჩხიკვიშვილი წერილში.
ჩხიკვიშვილის მანიფესტით წახალისებული თავდასხმები
დაახლოებით 2021 წლიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა ტერორისტულ მანიფესტს, "მოძულის სახელმძღვანელოს", რომელიც დაჯგუფების წევრებსა და თანამოაზრეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, მათ შორის სკოლებში ცეცხლის გახსნისკენ, მოუწოდებდა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხიკვიშვილის ძალადობრივ მოწოდებებს შედეგად რამდენიმე თავდასხმა მოჰყვა. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევად დასახელებულია აშშ-ში, ნეშვილში, ტენესიში 2025 წლის იანვარში 17 წლის მოზარდის მიერ სკოლაში ცეცხლის გახსნა. ამ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა. თავდასხმამდე მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ ტერაქტს მანიაკთა მკვლელობის კულტისა და კიდევ ერთი დაჯგუფების სახელით აწყობდა. მან ახსენა ძალადობრივი მანიფესტიც, რომელსაც ჩხიკვიშვილი ავრცელებდა.
მეორე შემთხვევად დასახელებულია 2024 წლის აგვისტოში თურქეთში მომხდარი თავდასხმა. მაშინ ქალაქ ესქიშეჰირში, მეჩეთის მახლობლად პირმა, რომელიც ნაცისტურ სიმბოლოებს ატარებდა, ცივი იარაღით დაჭრა დაახლოებით 5 ადამიანი. თავდამსხმელის მანიფესტში ნახსენები იყო ჩხიკვიშვილის მიერ გავრცელებული ტექსტი და მისი ძალადობრივი მოწოდებები.
ჩხიკვიშვილის კავშირი ნაციზმისა და სატანიზმის მიმდევარ დაჯგუფებებთან
აღსანიშნავია, რომ ჩხიკვიშვილის დაკავებამდე ერთ-ერთმა მცირე გამომცემლობამ, რომელიც დაკავშირებულია Tempel ov Blood-თან, ნაცისტურ-სატანისტური დაჯგუფება ცხრა კუთხის ორდენის ამერიკულ განშტოებასთან, გამოაქვეყნა ინტერვიუ მანიაკთა მკვლელობის კულტის(МКУ) ლიდერთან - მეთაურ ყასაბთან. ეს სწორედ ჩხიკვიშვილის მეტსახელი იყო. ინტერვიუში "მეთაური ყასაბი" ამბობდა, რომ МКУ-ს დამფუძნებელს, ეგორ კრასნოვს 2021 წელს პირადად დაუკავშირდა და მას შემდეგ დაჯგუფების საქმიანობაში იყო ჩართული. ის საკუთარ თავს "ტრადიციულ სატანისტს" უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი.
"მეთაური ყასაბი" ასევე საუბრობდა МКУ-ს კავშირზე 764-თან, რომელიც სოციალურ ქსელებში მოქმედი ძალადობრივი ჯგუფია. FBI გამოძიებებს ამ დაჯგუფების წინააღმდეგაც აწარმოებს. 764-თან დაკავშირებული პირები არასრულწლოვნებს თვითდაზიანებების მიყენებასა და თვითმკვლელობას აიძულებენ, ავრცელებენ ბავშვთა პორნოგრაფიას.
ამას გარდა, ინტერვიუში "მეთაური ყასაბი" ხაზს უსვამდა, რომ დაჯგუფების "სულიერი ღირებულებების" ინსპირაციას ნაცისტურ-სატანისტური ცხრა კუთხის ორდენი წარმოადგენდა.
მანიაკთა მკვლელობის კულტი ბოლო წლებში ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ძალადობრივი ქსელების მხოლოდ ერთ-ერთი მცირე ნაწილია. ვრცლად ჩხიკვიშვილის საქმესა და დაჯგუფების ძალადობრივ ნეონაცისტურ და ოკულტისტურ ჯგუფებთან კავშირზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – ჩხიკვიშვილის საქმე და სადისტური ჯგუფები – მანიაკები ინტერნეტის ბნელი კუთხეებიდან




