CNN-მა რუსული სატვირთო გემის, Ursa Major-ის ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირვასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. მათი ცნობით, გემს, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ორი ბირთვული რეაქტორი გადაჰქონდა და შესაძლოა, ის ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა.
CNN-ის ცნობით, ეს შესაძლოა დასავლური სამხედრო ძალების იშვიათ და მაღალი რისკის მქონე ჩარევას ნიშნავდეს, რომლის მიზანიც რუსეთისთვის ხელის შეშლა იყო, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსია არ მიეწოდებინა.
"ბოლო პერიოდში გემის ნარჩენების გარშემო დაფიქსირებულმა სამხედრო აქტივობამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები მისი ტვირთისა და დანიშნულების შესახებ. საჯარო ფრენის მონაცემების მიხედვით, აშშ-ის ბირთვული მასალების აღმომჩენმა თვითმფრინავებმა ჩაძირულ გემს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ გადაუფრინეს. გარდა ამისა, ესპანური გამოძიებისთვის ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ გემის ნამსხვრევებს ჩაძირვიდან ერთი კვირის შემდეგ, სავარაუდოდ, რუსული სადაზვერვო გემი ეწვია, რის შემდეგაც კიდევ ოთხი აფეთქება მოხდა.
ესპანეთის მთავრობამ ამ საკითხზე ძალიან ცოტა ინფორმაცია გაასაჯაროვა და განცხადება მხოლოდ 23 თებერვალს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა ზეწოლა მოახდინეს. მთავრობამ დაადასტურა, რომ გემის რუსმა კაპიტანმა ესპანელ გამომძიებლებს უთხრა, რომ გემს გადაჰქონდა „ორი ბირთვული რეაქტორის კომპონენტები, იმ რეაქტორების მსგავსი, რომლებიც წყალქვეშა ნავებში გამოიყენება, თუმცა, თავად არ იცოდა, იყო თუ არა ისინი ბირთვული საწვავით დატვირთული." - წერს CNN.
CNN წერს, რომ გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ესპანური გამოძიების მიხედვით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ტორპედოს იშვიათი ტიპი, რათა გემის კორპუსი დაეზიანებინათ.
"ესპანეთის მთავრობის მიერ ოპოზიციონერი კანონმდებლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაკითხვის დროს, რუს კაპიტანს არ სურდა გემის სავარაუდო ტვირთის შესახებ საუბარი, რადგან საკუთარი უსაფრთხოების გამო შიშობდა. განცხადებაში დამატებით ნათქვამია, რომ კაპიტანზე „ზეწოლა განხორციელდა, რათა განემარტა, რას გულისხმობდა ‘საკანალიზაციო ჭის სახურავებში" - ასე იყო თავდაპირველად აღწერილი ტვირთი გემის დოკუმენტებში.
ბოლოს მან აღიარა, რომ ეს იყო ორი ბირთვული რეაქტორის კომპონენტები, მსგავსი იმ რეაქტორებისა, რომლებიც წყალქვეშა ნავებში გამოიყენება. თუმცა ამის დადასტურება ვერ შეძლო, რადგან ისინი ბირთვულ საწვავს არ შეიცავდა". - წერია CNN-ის სტატიაში.
CNN-ის ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ გემის კორპუსში აღმოჩენილი 50x50 სანტიმეტრიანი ხვრელი შესაძლოა გაჩენილიყო „ბარაკუდა“ ტიპის სუპერკავიტაციური ტორპედოს გამოყენებით.
"ასეთი იარაღი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს - მათ შორის, აშშ-ს, NATO-ს რამდენიმე წევრს, რუსეთსა და ირანს. მისი ტექნოლოგია გულისხმობს წყალში ჰაერის ფენის გამოყენებას, რაც ამცირებს წინააღმდეგობას და საშუალებას აძლევს ტორპედოს ძალიან მაღალი სიჩქარით იმოძრაოს. ზოგი მოდელი საერთოდ არ იყენებს ასაფეთქებელ მუხტს, არამედ პირდაპირი დარტყმით აზიანებს სამიზნეს.
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს თქმით, ასეთი მოწყობილობის გამოყენება შეესაბამებოდა ხვრელის ზომასა და ფორმას და შესაძლოა ის უხმოდ მომხდარიყო, რაც ხსნის გემის მოულოდნელ შენელებას 2024 წლის 22 დეკემბერს". - წერს CNN.
თუმცა, სხვა ექსპერტები CNN-სთან განსხვავებულ აზრს გამოხატავენ. ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა, თქვა, რომ უფრო სავარაუდოა ლიმპეტის ტიპის ნაღმი - მცირე ზომის ასაფეთქებელი, რომელიც გემის კორპუსზე მაგრდება.
2024 წლის ბოლოს რუსული სატვირთო გემი Ursa Major ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის ქალაქ აგილასსა და ალჟირის ორანს შორის, ბორტზე აფეთქების შედეგად ჩაიძირა. მედიის ინფორმაციით, ჩაძირვამდე გემზე აფეთქება მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, Ursa Major რუსული სანქტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკისკენ მიემგზავრებოდა. გემი 2024 წლის 11 დეკემბერს გამოვიდა პორტიდან და დანიშნულების ადგილას 2025 წლის 22 იანვარს უნდა მისულიყო. გემის კაპიტნის თქმით, ინციდენტის დროს გემი ცარიელი კონტეინერებით იყო დატვირთული.
თუმცა, რუსული გამოცემა Mediazona, რომელიც OSINT ანალიტიკოსებს ეყრდნობოდა, წერდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ბოლო დროს ხუთი რუსული სატვირთო გემი შევიდა, მათ შორის, სამი დიდი სამხედრო სადესანტო გემი და ორი სატვირთო გემი, რომლებიც კომპანია Oboronlogistika-ს ეკუთვნის.
როგორც Ursa Major, ასევე Sparta დიდი ხნის განმავლობაში სირიაში რუსული სამხედრო ბაზების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.




