რუსული სატვირთო გემი Ursa Major ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის ქალაქ აგილასსა და ალჟირის ორანს შორის, ბორტზე აფეთქების შედეგად ჩაიძირა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ესპანური მედია გამოცემა La Verdad ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ჩაძირვამდე გემზე აფეთქება მოხდა. მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს, ხოლო ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი დაკარგულად ითვლება.
ოფიციალური ინფორმაციით, Ursa Major რუსული სანქტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკისკენ მიემგზავრებოდა. გემი 11 დეკემბერს გამოვიდა პორტიდან და დანიშნულების ადგილას 22 იანვარს უნდა მისულიყო. გემის კაპიტნის თქმით, ინციდენტის დროს გემი ცარიელი კონტეინერებით იყო დატვირთული.
თუმცა, რუსული გამოცემა Mediazona, რომელიც OSINT ანალიტიკოსებს ეყრდნობა, წერს, რომ ხმელთაშუა ზღვაში ბოლო დროს ხუთი რუსული სატვირთო გემი შევიდა, მათ შორის, სამი დიდი სამხედრო სადესანტო გემი და ორი სატვირთო გემი, რომლებიც კომპანია Oboronlogistika-ს ეკუთვნის.
როგორც Ursa Major, ასევე Sparta დიდი ხნის განმავლობაში სირიაში რუსული სამხედრო ბაზების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.
ანალიტიკოსების აზრით, ხუთივე გემის მიზანი ტარტუსსა და ჰმეიმიმის რუსული სამხედრო ბაზების ევაკუაციაა.





