აშშ-კატარი

კატარის პრემიერი აშშ-ირანის მოლაპარაკების საკითხზე რუბიოსა და უიტკოფს შეხვდა

მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი და მარკო რუბიო

9 მაისს მაიამიში კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მედიაციის პროგრესი განიხილა. ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

განცხადების მიხედვით, მხარეებმა "განიხილეს რეგიონში არსებული ბოლო მოვლენები, ასევე პაკისტანის მედიაცია, რომელიც ესკალაციის შემცირებას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას ისახავს მიზნად".

ასევე აღნიშნულია, რომ კატარის ლიდერმა "ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ყველა მხარემ უპასუხოს მიმდინარე მედიაციის მცდელობებს, რაც კრიზისის ძირეული მიზეზების მშვიდობიანი გზებითა და დიალოგის მეშვეობით გადაჭრის შესაძლებლობას შექმნის და საბოლოოდ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას, რომელიც რეგიონში მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს.“

ცნობისთვის, წყარომ გუშინ The Times of Israel-ს განუცხადა, რომ კატარი ფარულად ასრულებს შუამავლის როლს თეირანთან მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევაში, მაშინ როცა პაკისტანს მთავარი მედიატორის როლი აქვს დაკისრებული.

კომენტარები