აშშ-კატარი

აშშ-ს სამხედრო ავიაბაზაზე გაიხსნება ობიექტი, სადაც კატარელი პილოტები წვრთნებს გაივლიან

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკასა და კატარს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც კატარს აიდაჰოს შტატში საჰაერო ძალების ობიექტის გახსნის უფლებას აძლევს.

მისი თქმით, ობიექტი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთ შტატში Mountain Home-ის ავიაბაზაზე გაიხსნება, სადაც კატარის პილოტები F-15 ტიპის გამანადგურებლების ფრენის წვრთნას გაივლიან.

"ავიაბაზა კატარულ F-15-ებსა და პილოტებს უმასპინძლებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი წვრთნა და გავზარდოთ ლეტალობა. ეს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია." - განაცხადა ჰეგსეთმა 10 ოქტომბერს პენტაგონში კატარის წარმომადგენელთან, საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან შეხვედრისას.

პენტაგონის უფროსს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გახდება ობიექტი აქტიური და რამდენი F-15 გამანადგურებელი განთავსდება ბაზაზე.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც კატარზე თავდასხმა "აშშ-ს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" თავდასხმად განიხილებოდა. 

ბრძანებაში ნათქვამია, რომ აშშ მიიღებს ყველანაირ "კანონიერ და შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო, რათა დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატებისა და კატარის ინტერესები და უზრუნველყოს მშვიდობა ".

კომენტარები