სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების "აქტიურ პროცესს" იწყებს. ამის შესახებ ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა "შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში". სარჯველაძის მტკიცებით, ამის გამო "იქმნებოდა ნიადაგი რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად". მისი შეფასებით, "დროა, წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს".
"ჩვენი მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე, იმ მრავალი შეღავითით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლები ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში.
ამგვარად იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის" - თქვა სარჯველაძემ.
მისივე ინფორმაციით, მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, |რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორის გამო მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც ეკუთვნით შემწეობა". მაგალითისთვის, სარჯველაძის თქმით, ერთერთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად.
ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მან მოუწოდა ყველას, "ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერავითარი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან". სარჯველაძე აღნიშნავს, რომ პროცესი იქნება "საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკურპულოზურ მუშაობას".
ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 000-ს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა - 710 000-ია. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 410 000-მდე ოჯახი, ჯამში დაახლოებით, 1 300 000 პირი.
"ნახევარზე მეტი შემწეობას არ იღებს, თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანობმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო ანუ შედარებით შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებთა ოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120 000, ნაცვლად 185 000 ოჯახისა" - თქვა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ არსებული მორატორიუმით "გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება".
"ამის გამო, ბაზაში დღემდე ფიქსირებიან ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ამავე მიზეზთა გამო არის სრულიად ანიონალიური შემთხვევები, რომელთა რიცხვიც არ არის სამწუხაროდ ცოტა.
მაგალითად, შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს იმავე წელს, 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა, ან ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს რამდენიმე ასეულათასლარიანი საბანკო სესხი...
ძირითად შემთხვევაში სახეზეა ადამიანები, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში გაუჩნდათ გარკვეული მატერიაულური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა" - ამბობს სარჯველაძე.
ორი დღის წინ ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ "სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას". მისი მტკიცებით, პირველადი ანალიზით, "შემწეობის მიმღებთა 8% არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია".

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



