აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ: ირანის არაპროვოცირებული თავდასხმა მოვიგერიეთ, თავდაცვითი დარტყმებით ვუპასუხეთ

ამერიკული საბრძოლო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში
CENTCOM

ირანის ქალაქებზე იერიშების მიტანის ცნობის გავრცელების ფონზე აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის "არაპროვოცირებული თავდასხმები" მოიგერიეს და საპასუხო "თავდაცვითი იერიშები" მიიტანეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათი ხომალდები ირანის იერიშის შედეგად არ დაზარალებულა.

"აშშ-ს ძალებმა მოიგერიეს ირანის არაპროვოცირებული თავდასხმა და უპასუხეს თავდაცვითი იერიშებით, 7 მაისს, როცა აშშ-ს ფლოტის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი ჰორმუზის სრუტეში ომანის ყურისკენ მიემართებოდა.

 ირანის ძალებმა გაუშვეს რამდენიმე რაკეტა, დრონი და მცირე ზომის ნავი, როცა USS Truxtun-ი (DDG 103), USS Rafael Peralta (DDG 115) და USS Mason-ი (DDG 87) საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდნენ. არც ერთი ამერიკული ობიექტი არ დაზიანებულა.

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) უვნებელყო მომავალი საფრთხეები და მიზანში ამოიღო ირანის სამხედრო ობიექტები, რომლებიც პასუხისმგებელი იყო აშშ-ს ძალებზე თავდასხმაზე, მათ შორისაა რაკეტებისა და დრონების გამშვები ლოკაციები; მართვისა და კონტროლის ლოკაციები და სადაზვერვო კვანძები.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა არ ისწრაფვის ესკალაციისკენ, თუმცა მზადყოფნაში რჩება ამერიკული ძალების დასაცავად" - წერია განცხადებაში.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ, რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, იერიშები მიიტანა ბენდერ-აბასსა და კუნძულ კეშმზე. ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელმა FOX News-ის ჟურნალისტთან ანონიმურად ისაუბრა. წყაროს მტკიცებით, იერიშები ომის განახლებას არ ნიშნავს. ცნობების მიხედვით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ამოქმედდა თეირანშიც.

ირანის არმიის სპიკერის მტკიცებით, აშშ თავს დაესხა ორ ირანულ ტანკერს და იერიშები მიიტანა ხამირის პორტზე, სირიკსა და კეშმის კუნძულზე. მისივე მტკიცებით, ირანმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ განლაგებულ ამერიკულ ხომალდებზე საპასუხო იერიშები მიიტანა და გემები დააზიანა.

კომენტარები