აშშ-ირანის დაპირისპირება

ტრამპის თქმით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადება ჯერ "ზედმეტად ადრეა" - NY Post

დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.
Nathan Howard/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-ს განუცხადა, რომ აშშ-ირანის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჯერ "ზედმეტად ადრეა," მიუხედავად 6 მაისს გავრცელებული ცნობებისა, რომ ქვეყნები 14-პუნქტიან მემორანდუმს ამზადებენ, რომელიც მალე ხელმოსაწერად მზად იქნება.

გამოცემამ ტრამპს ჰკითხა, გაეგზავნათ თუ არა პაკისტანში ჟურნალისტი, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობები გავრცელდა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "არ ფიქრობს," რომ ეს საჭიროა.

New York Post-თან საუბრამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "თუ ირანი შეთანხმებას არ დათანხმდება, დაბომბვა იმაზე ინტენსიური იქნება, ვიდრე აქამდე."

"თუ ირანი დათანხმდება შეთანხმების პირობებს, რაც ალბათ დიდი დაშვებაა, მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული [ოპერაცია] ეპიკური რისხვა დასრულდება, ხოლო მეტად ეფექტური ბლოკადა უზრუნველყოფს, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილი იყოს ყველასთვის, მათ შორის ირანისთვისაც. თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვა და ის, სამწუხაროდ, ბევრად უფრო მაღალი დონითა და ინტენსივობით განხორციელდება, ვიდრე მანამდე იყო," - წერს ტრამპი.

აქამდე, Axios-მა დაწერა, რომ მაღალჩინოსნების თქმით, აშშ შემდეგ 48 საათში ელოდება ირანის პასუხებს რამდენიმე საკვანძო საკითხზე. მათი თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმებებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა ომის დაწყებიდან შეთანხმების მიღწევასთან ყველაზე ახლოს ახლა არიან.

გამოცემის ინფორმაციით, სხვა დებულებებთან ერთად, შეთანხმება გულისხმობს ირანის მიერ ბირთვულ გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესებას, აშშ-ს მიერ სანქციების მოხსნას და ირანის გაყინული მილიარდობით დოლარის გათავისუფლებას, ასევე ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნას.

გამოცემამ დაწერა, რომ მემორანდუმში ჩამოყალიბებული მრავალი პირობა დამოკიდებული იქნებოდა საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე, რაც ომის განახლების ან გახანგრძლივებული "ლიმბოს" შესაძლებლობას ტოვებს, რომელშიც ომის ცხელი ფაზა შეწყდებოდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი მოგვარდებოდა.

გამოცემის წყაროების ცნობით, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ირანის ხელმძღვანელობა გაყოფილია და შესაძლოა, სხვადასხვა ფრაქციებს შორის შეთანხმების მიღწევა რთული იყოს. ზოგიერთი აშშ-ს მაღალჩინოსანი სკეპტიკურად არის განწყობილი იმის მიმართ, რომ შეთანხმების საწყის ეტაპს მაინც მიაღწევენ.

თუმცა, ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, უკან დაეხია ჰორმუზის სრუტეში ახლად გამოცხადებული ოპერაცია მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამინდელი ფორმით, მემორანდუმი გამოაცხადებდა რეგიონში ომის დასრულებას და 30-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას სრუტის გახსნის, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და აშშ-ს სანქციების მოხსნის შესახებ დეტალურ შეთანხმებაზე.

წყაროების ცნობით, ეს მოლაპარაკებები შესაძლოა ისლამაბადში ან ჟენევაში გაიმართოს.

აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, ირანის მიერ სრუტეში გადაზიდვებზე დაწესებული შეზღუდვები და აშშ-ს საზღვაო ბლოკადა ამ 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში თანდათან მოიხსნება.

თუმცა, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, აშშ-ს ძალებს შეეძლებათ ბლოკადის აღდგენა ან სამხედრო მოქმედებების განახლება.

გამოცემის ინფორმაციით, ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის ხანგრძლივობაზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სამი წყარო აცხადებს, რომ ის მინიმუმ 12 წელი იქნება, ერთის თქმით, 15 წელი. ირანმა გამდიდრებაზე 5-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა, აშშ-მ კი 20 წელი მოითხოვა.

წყაროს ცნობით, აშშ-ს სურს ჩასვას დებულება, რომლის მიხედვითაც ირანის მიერ გამდიდრების შესახებ ნებისმიერი დარღვევა მორატორიუმს გაახანგრძლივებს. ირანს მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეეძლება 3.67%-მდე გამდიდრება.

Axios იუწყება, რომ მემორანდუმის ფარგლებში ირანი აიღებდა ვალდებულებას, რომ არასდროს ესწრაფოდა ბირთვული იარაღის შექმნა. აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, მხარეები განიხილავენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ირანი აიღებდა ვალდებულებას, არ გამოიყენოს ფარული ბირთვული ობიექტები.

ამასთან ერთად, წყაროები ამბობენ, რომ აშშ-მ, მემორანდუმის ფარგლებში, აიღო ვალდებულება, თანდათანობით მოხსნას ირანისთვის დაწესებული სანქციები და თანდათანობით გაათავისუფლოს ირანის მილიარდობით დოლარის ოდენობის სახსრები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაყინული.

რამდენიმე წყარო ასევე ამბობს, რომ ირანი დათანხმდებოდა ქვეყნიდან მაღალგამდიდრებული ურანის გატანას, რაც აშშ-ს მთავარი პრიორიტეტია.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, განიხილება მასალის აშშ-ში გადატანის ვარიანტი.

 

კომენტარები