ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე სომხეთში, ერევანში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა დიალოგისთვის და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივვ ფორმატებში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენების მზარდ ტენდენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისადმი". - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი მიმდინარეობს.
სომხეთის გარდა, სამიტზე ასევე მიწვეულნი არიან ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა, ასევე საქართველო, ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
შეხვედრაზე აგრეთვე მიწვეულია კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც სამიტს არაევროპული ქვეყანა ესწრება.





