ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი
gdb.org

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ალან გაგლოევს, ოპოზიცია რუსეთის მიერ გამოყოფილი სესხების მითვისებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციური პარტია "ხალხის ერთიანობის" ლიდერი და რეჟიმის ყოფილი დეპუტატი, ვლადიმირ ქელეხსაევი, ამბობს, რომ გაგლოევმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს 1.5 მილიარდი რუბლი (დაახლოებით $20 მილიონი), რაც რუსეთმა მარიონეტულ რეჟიმს საშეღავათო სესხის სახით გამოუყო. 

ქელეხსაევის მიხედვით, კრემლმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს 4 მილიარდი რუბლის ოდენობის (დაახლოებით $54 მილიონი) ტრანში გადასცა, თუმცა, გაგლოევის მარიონეტულმა რეჟიმმა ეს თანხა მხოლოდ სამი ობიექტის – საკონსერვო ქარხნის, ქვის გადამამუშავებელი სახელოსნოსა და ხე-ტყის საწარმოს – ასაშენებლად გამოიყენა.

"ჩვენ გაგლოევსა და მის მთავრობას მოვუწოდეთ, გაფლანგვის მაგივრად, ეს ფული დაცარიელებული სოფლების მოსახლეობისთვის და ცხინვალის მცხოვრებთათვის გამოეყოთ – 10, 20, 50 მილიონი რუბლი ($130 000, $200 000, $600 000) – რათა ჩვენმა ხალხმა საარსებო იშოვოს მცირე ბიზნესისა და მცირე მასშტაბის საწარმოების გახსნით," აღნიშნა ქელეხსაევმა. 

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ჩამოთვლილ სამ პროექტზე სესხის ნახევარზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო. მანვე დაამატა, რომ დანარჩენი თანხის ბედი უცნობია. 

კომენტარები