საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ივანიშვილის მთავრობის 30 აპრილის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და ფარგლები. დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
სახელმწიფო მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებია:
1. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) თანამდებობა შექმნილია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაციის/ კომუნიკაციის მიზნით.
2. სახელმწიფო მინისტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით.
3. სახელმწიფო მინისტრი ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამოცანებს.
4. სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
5. სახელმწიფო მინისტრი:
ა) წყვეტს სახელმწიფო მინისტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლებით;
გ) ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას;
დ) საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან;
ე) აინიციირებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს და ამ მიზნით კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას;
ვ) კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით;
ზ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების მიზნით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ახორციელებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების მაკოორდინირებელ ფუნქციას;
თ) მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
მ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
ნ) უფლებამოსილია, კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის ან გადაწყვეტილების მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ამოცანებს, ასევე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. სახელმწიფო მინისტრს აქვს ბლანკი და ბეჭედი, სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. სახელმწიფო მინისტის მიერ სახელმწიფო დროშისა და სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
8. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.
9. სახელმწიფო მინისტრის მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7, საფოსტო ინდექსი – 0108.
ცნობისთვის, 21 აპრილს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობაც.
ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცალკე არ შეიქმნება. ივანიშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, ტექნიკურ, მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გეკა გელაძემ ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა.





