გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ირანის მიერ წარდგენილი სამშვიდობო წინადადებით. ამის შესახებ გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა.
მანამდე Axios ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის რეჟიმმა აშშ-ს ახალი წინადადება წარუდგინა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ომის დამთავრებას მოიცავს, თუმცა, გეგმის ფარგლებში თეირანს ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადადება სურდა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის მიხედვით, რომელიც 27 აპრილს პრეზიდენტ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ არის ინფორმირებული, ტრამპი ირანის წინადადებით უკმაყოფილო სწორედ ბირთვული საკითხის განხილვის გადავადების წინადადების გამო იყო.
გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის მიხედვით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატია ჩიხში შევიდა, ირანის მმართველ წრეებში კი განხეთქილებაა იმის შესახებ, თუ რა სახის დათმობები უნდა განიხილებოდეს აშშ-სთან მოლაპარაკებებზე.
ცნობისთვის, მოლაპარაკებებზე კრიზისი შაბათ-კვირას კიდევ უფრო გაღრმავდა, მას შემდეგ, რაც პაკისტანში ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ვიზიტი ამერიკულ მხარესთან შეხვედრის გარეშე დასრულდა.
ხოლო თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა, 24 აპრილს Fox News-ზე თქვა, რომ აშშ-ს წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ირანელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკების მიზნით პაკისტანისკენ გაემგზავრებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-ს დელეგაცია ირანთან შესახვედრად პაკისტანში აღარ გაგზავნა.





