საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი კარგი პიროვნებაა, ეტყობა გული წყდება, რომ ასეთ ინსტრუქციას ასრულებს - ვოლსკი

გია ვოლსკი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ივანიშვილის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი "კარგი, წესიერი პიროვნებაა", რომელიც ინსტრუქციას ასრულებს და "თანაც გულიც ეთანაღრება"

"ადრე იყო ლაპარაკი რომ ქართველ ხალხად მოიხსენიებდა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაში ცეცხლს ანთებდა და მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა და დააგვიანა, დაანაგვიანა ისეთი რბილი სიტყვაა, უკაცრავად, ქუჩაში ცეცხლი აანთო და რას გავს ჩვენი ცენტრალური მაგისტრალის კედლები, ხო?

ამათ მოიხსენიებდა, ახლა არ არის ეგრე, დააკვირდით, ყველას ეუბნება, იმდენად თვითონაც ეტყობა გული წყდება, რომ ასეთ ინსტრუქციას ასრულებს, რომ ხალხს კეთილი და თბილი სიტყვით მიმართავს. თავის დამოკიდებულებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, ეს ნიშნავს რომ ყველას მიმართავს, ყველას და ამიტომ, დავარქვით ამას მუქარა." - ამბობს ვოლსკი დასანქცირებული TV იმედის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოჭორიშილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რა განმარტებაც არ უნდა მოისმინონ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად.

ელჩის საგარეოში დაბარების შემდეგ განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

ევროკავშირის ელჩი უწყებაში ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს. 

ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

23 აპრილს, ჰერჩინსკიმ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში განისაზღვრება, საქართველო "ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება."

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება." – თქვა ჰერჩინსკიმ, რომლის განცხადებასაც გამოცემა "ნეტგაზეთი" ციტირებს. 

კომენტარები