საქართველო-ევროკავშირი

ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - EU-ს წარმომადგენლობა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ივანიშვილის მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ შორის შედგა "საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ."

მათი თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

განცხადებაში აგრეთვე წერია, რომ მათ სურთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შესაძლებლობა.

"დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ საქართველოს წინსვლის სურვილი  დაადასტურა.

ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.

ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს." - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული.

23 აპრილს, ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში განისაზღვრება, საქართველო "ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება."

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება." – თქვა ჰერჩინსკიმ, რომლის განცხადებასაც გამოცემა "ნეტგაზეთი" ციტირებს

კომენტარები