ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ივანიშვილის მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რა სჭირდება და რა არა. მისი თქმით, როგორი განმარტებაც არ უნდა მოისმინონ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად და ელოდებიან ბრიუსელიდან ისეთ დამოკიდებულებას, როგორსაც ქვეყანა იმსახურებს.
"ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში… შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რამდენადა ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა, რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის. […]
ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათაშორის ქართველი ხალხის მიერაა არჩეული, არის მიუღებელი… მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას. […]
როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. დღეს სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის მიუღებელი… მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში." - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს პარტნიორობას.
"მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.
სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები მხოლოდ, როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
23 აპრილს, ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში განისაზღვრება, საქართველო "ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება."
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება." – თქვა ჰერჩინსკიმ, რომლის განცხადებასაც გამოცემა "ნეტგაზეთი" ციტირებს.





