საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ "მეტეორის" შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





