მუქარა

"ხელისუფლების შეტევის მერე მუქარის მესიჯები გააქტიურდა" - ეკა გიგაურმა პროკურატურას მიმართა

ტაბულა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მუქარის შემცველი შეურაცხმყოფელი შეტყობინების მიღების გამო მთავარ პროკურატურას მიმართა. ეკა გიგაური ითხოვს დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყოს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თუ ფაქტს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

TI-ის ინფორმაციით, გიგაურმა აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა, 13 ოქტომბერს მიიღო. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ გახშირდა, რაც თანამდებობის პირებმა "შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ"

"ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი "ფაშიზმის თანამონაწილეებად" მოიხსენია.

მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ და ასევე რიგითმა დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

ამ კამპანიის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის და სამოქალაქო სექტორის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მათი დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული თავდასხმები, რასაც ორგანიზებული სახე აქვს", - აღნიშნავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რეპუტაციის შემლახავი შეტევები წლებია ხდება და აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი რომელიმე ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს.

"ცხადია, ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ რეაგირება სჭირდება", - აღნიშნავენ TI-ში.

ორგანიზაციის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მათი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი თანამშრომელი საქმიანობისას თავს დაცულად გრძნობდეს.

კომენტარები