ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა ბიზნესისთვის საჯარო პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის საკითხზე საუბრისას, BMG-ის ცნობით, თქვა, რომ "ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს".
პაპაშვილის თქმით, არ ჩაღრმავებია რა კანონი მიიღო ქართულმა ოცნებამ, თუმცა, არ ყოფილა მთავრობა, ის რომ "არ ოპონირებდეს".
"კარგი გამონათქვამია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს: ექიმმა იექიმოს, მეცხვარემ მეცხვარეობას მიხედოს. თუ პოლიტიკაში გინდა, განაცხადებ და მიდიხარ პოლიტიკაში და ჩვენს ქვეყანაში, მე როგორც ვიცი, არავინ გიკრძალავს. მიკრძალავენ მაგას? შვილები უკვე წამომეზარდნენ, ახლა რომ მომინდეს რატომღაც - გადავაბარო ჩემი ბიზნესი და წავიდე პოლიტიკაში, ამიკრძალავს ვინმე? მე მგონი, ვერა.
რატომღაც ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს შევეხოთ: ან ერთი პარტიისკენ იყო, ან მეორე პარტიისკენ და გაფუჭდეს ბიზნესი. არც ჩავღრმავებივარ რა კანონი მიიღეს, არ ვიცი... რა უნდათ, რომ პოლიტიკაში არ შევიდე? მე, ლაშა პაპაშვილი?
მე სულ ვოპონირებ ყველასთან, არ ყოფილა მთავრობა მე რომ არ ვოპონირებდე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეგ არის: ბიზნესში ვარ, მე მეტს ვითხოვ, მე მინდა სულ მხარდაჭერა, სულ ნაკლები გადასახადი და სულ მეტი შეღავათი. ამდენად, არ ვიცი რა მიიღეს. პოლიტიკაში [ჩარევისგან] რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავოს ადამიანმა თუ ბიზნესი ხარ, ბიზნესმენი ხარ - ბიზნესში ხარ". - თქვა პაპაშვილმა.
ივანიშვილის პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები 4 მარტს დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირის "პოლიტიკურ აქტივობაზე" სასჯელი გამკაცრდა.
მეწარმე იურიდიული პირი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა. აქ არ იგულისხმებიან ფიზიკური პირები, ინდმეწარმეები [...] პირველ ჯერზე, პასუხისმგებლობა 20 000-ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო შემდგომი ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ანუ, თუ იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია, მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს. სახდელდადებულობა გულისხმობს სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური ქმედების ჩადენას. შემოთავაზებულია მუხლი, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით". - თქვა გორდულაძემ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს.
აქამდე შემოთავაზებული ვერსიით, მეწარმე სუბიექტი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 40 000 ლარით უნდა დაჯარიმებულიყო.





