აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ ირანი "ფინანსურ კოლაფსშია"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ირანის რეჟიმი "ფინანსურ კოლაფსს განიცდის," მას შემდეგ, რაც მან ირანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაახანგრძლივა მანამ, სანამ თეირანი "ერთიან წინადადებას" არ წარმოადგენს.

"ირანი ფინანსურად კოლაფსს განიცდის! მათ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ – ფული ამოწურული აქვთ!." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისივე თქმით, რეჟიმი ყოველდღიურად $500 მილიონს კარგავს, ხოლო ირანის არმია და პოლიცია ჩივიან, რომ მათ ხელფასებს არ უხდიან.

ტრამპის მიხედვით, ირანი "სახის შენარჩუნებას" ცდილობს, როცა ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა სურთ, რადგან აშშ-ს სრუტე უკვე ბლოკირებული აქვს.

"ოთხი დღის წინ ხალხი მომიახლოვდა და მითხრა, 'ირანს დაუყოვნებლივ უნდა სრუტის გახსნაო.' მაგრამ თუ ამას ვიზამთ, ირანთან შეთანხმება ვერასდროს გვექნება, ან სანამ თავიანთ ლიდერებთან ერთად არ ავაფეთქებთ იმას, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა." – დაწერა ტრამპმა ცალკე პოსტში.

22 აპრილს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის 2-კვირიანი ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერიოდი გახანგრძლივდება, თუმცა, ირანულ პორტებზე საზღვაო ბლოკადა შენარჩუნდება.

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად გახლეჩილია, რაც არც ისე მოულოდნელია, პაკისტანის გენერალი ფელდმარშალის, ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერმინისტრის, შეჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, ირანზე დარტყმები შევაჩეროთ იქამდე, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, ჩვენს სამხედროებს მითითება მივეცი, რომ ბლოკადა განაგრძონ, ყველა სხვა ასპექტში კი დარჩნენ მაზდყოფნაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გავახანგრძლივებ იქამდე, ვიდრე ისინი თავიანთ წინადადებას არ წარმოადგენენ და განხილვები არ მორჩება ამა თუ იმ გზით". – დაწერა მან.

კომენტარები