სომხეთმა უარი თქვა ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე.
სომხეთის გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპირეკმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგის დროს დაადასტურა.
"ნათელია, რომ ერევნის უარი წმინდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს, განპირობებულია ხელისუფლების წინასაარჩევნო სურვილით, ფაქტიურად წაშალონ რუსეთის ნებისმიერი ხსენება," - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, სომხეთში 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაში "რუსულ სახლთან" ერთად ორი რუსული საქველმოქმედო ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო ჩართული, "რუსული ჰუმანიტარული მისია" და "ევრაზია."
სომხური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, FIP-ის თანახმად, ევრაზია მოლდოვაში არჩევნების გაყალბებაში იყო ჩართული.
ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის არიან მაღალჩინოსნები და კრემლის პროპაგანდისტები, მათ შორის მარგარიტა სიმონიანი.
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროექტმა (OCCRP) 2024 წელს გამოავლინა, რომ ორგანიზაცია ჩაერია მოლდოვას ევროკავშირთან გაწევრიანების რეფერენდუმში "მოლდოველებისთვის ევროკავშირის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის გადახდით". ერთ-ერთი გამოყენებული სქემა იყო "ჰუმანიტარული დახმარება," რომლის ფარგლებშიც "ათიათასობით მოლდოველი პენსიონერი და სახელმწიფო მოხელე სამ რეგიონში ყოველთვიურად იღებდა დახმარებას" ევრაზიიდან.
სომხეთის მიერ უარის თქმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხების თქმით, მათზე იყო ზეწოლა, არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ზეწოლის უკან მდგომი ქვეყანა.
2025 წლის ივლისში რუსეთმა ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ სომხებს 140 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, რომელიც დაახლოებით 30 000 ადამიანის დასახმარებლად იყო განკუთვნილი და იმავე ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.
სომხეთი-რუსეთი
სომხეთმა ყარაბაღიდან დევნილებისთვის რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
top-center.org




