ოპოზიციის ალიანსი

ცნობები ოპოზიციის გარდაცვალებაზე აშკარად ნაადრევი აღმოჩნდა – ელენე ხოშტარიას ხედვა

ოპოზიციის ალიანსი

ცნობები ოპოზიციის გარდაცვალებაზე აშკარად ნაადრევი აღმოჩნდა – ელენე ხოშტარიას ხედვა

სტატია ქვეყნდება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან ტაბულას შეთავაზების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დისკუსიის ხარისხის გაუმჯობესებას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ ულიმიტო შესაძლებლობა, წამოჭრან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. რედაქცია შეიძლება არ იზიარებდეს ავტორის გამოთქმულ მოსაზრებებს.

“უნდა გამოცნობილ იქმნას, კარგად განსაზღვრულ და ბეჯითად განმარტებულ თუ, - ვინა ვართ ჩვენ და რანი ვართ.” - ილია ჭავჭავაძე, შინაური მიმოხილვა. 1882 წლის მარტი.

2026 წლის დასაწყისში პროდასავლური ოპოზიცია ბრძოლის ახალ ეტაპს აცხადებს, გვთავაზობს ახალ ფორმას, შემართებას, წესებს და ამოცანებს. ცნობები ოპოზიციის გარდაცვალებაზე აშკარად ნაადრევი და გადაჭარბებული აღმოჩნდა, განსხვავებით ბევრი სხვა ავტოკრატიისგან, რომლებთანაც მსგავსების შიში ძალიან ხშირად გულს გვიხეთქავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ერთიანმა და მკაფიო გადაწყვეტილებამ - პარლამენტის ბოიკოტის შესახებ - 2024 წელს ბრძოლის სტრატეგია განსაზღვრა და არაღიარების მძლავრ იარაღს ჩაუყარა საფუძველი, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი დარტყმების მიყენება. მოგეხსენებათ, მთავარი სათქმელი ყოველთვის “მაგრამის” მერე ითქმის, შესაბამისად, ჩემი ამოცანა არა ოპოზიციის წარმატებებზე საუბარი, არამედ ამ ახალ, მე ვიტყოდი, კრიტიკულ მომენტში, ჩვენს მიზნებზე, ამოცანებსა და გეგმებზე აზრის გაზიარებაა. 

პირველი და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსის განაცხადში არის არა უბრალოდ ერთობის დეკლარირება, არამედ ბრძოლის სტრატეგიაზე, შესაბამისად, გამარჯვების გზაზე პასუხისმგებლობის აღება. არსებითად, სწორედ ამით არის ეს თანხმობა განსხვავებული და სწორედ ეს საფუძველია ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ურთიერთსიმპათია და საზეიმო ტორტებით გაფორმებული ერთობის დაპირება. მოქმედების ხედვა და ქცევის წესები - ორივე კონკრეტული და გაზომვადია და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ძლიერ  ინსტრუმენტს წარმოადგენს. პოლიტიკაში, დემოკრატიულ პროცესში ანგარიშვალდებულება ბევრად უფრო ეფექტური იარაღია, ვიდრე სიმპათია და ნდობა.

შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რომელიც ალბათ ბევრს გაუჩნდებოდა - რატომ უნდა ვენდოთ? - პასუხია: არ ენდოთ, მოთხოვეთ!

აქვე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო პოლიტიკაში ნდობასთან მიმართებით, რადგან საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის სიცხადე ურთიერთობის წესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი დამოკიდებულებით, ნდობა, როგორც ადამიანებს შორის კერძო ურთიერთობებში, ასევე პოლიტიკაშიც ყველაზე “მყარი ვალუტაა”. დროთა განმავლობაში ის ძალიან ბევრ სხვა რესურსს უკან ჩამოიტოვებს, მათ შორის მოკლევადიანად ძალიან მომხიბვლელ რესურსებს. ამასთანავე, ნდობა ვერასდროს იქნება პოლიტიკური ურთიერთობების ერთადერთი განმსაზღვრელი ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, ეს უკიდურესად საშიშია. აუცილებელია ამ ურთიერთობების დაზღვევა უფრო კონკრეტული, გაზომვადი ინსტრუმენტებით. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობაში ბევრია ნაფიქრი ისეთ დამზღვევ მექანიზმებზე, როგორებიცაა: კონტროლი,  შემოწმება და ანგარიშვალდებულება. სულ სხვანაირი იქნებოდა სამყარო, მმართველობაში ადამიანის არჩევისას ნდობა საკმარისი რესურსი რომ ყოფილიყო:).

შესაბამისად, ეს ალიანსი იძლევა კონტროლის და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რაც მას ბევრი სხვა ერთობისგან განასხვავებს.

სამოქმედო გეგმაზე შეთანხმების პრეცედენტები ნაწილობრივ არსებობს, თუმცა, აქაც არის არსებითი განსხვავება. ყველა წინა ერთობა ერთ მიზანს ემსახურებოდა, სხვა მიზნები კი ინდივიდუალური ინტერესების საგანი იყო. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარშემოც შედგა ერთობა, რომელმაც, ავად თუ კარგად (ალბათ, უფრო ავად :)), შედეგი მოიტანა. თუმცა, როგორც მისი შექმნის უცნაური ისტორია, ასევე კრიზისული, კონფლიქტური გარემო, ერთობის შესანარჩუნებლად საკმარისი საფუძველი არ იყო. 

“რატომ ვენდო” - კითხვის გარდა, აუცილებლად უნდა გაჩნდეს კითხვა - “რას შეცვლის”? ეს, ალბათ, კიდევ უფრო ფუნდამენტური კითხვაა. მასზე პასუხი დასმული ამოცანების მიხედვით უნდა მივიღოთ: 1. რამდენად ადეკვატურია დასმული ამოცანები არსებული სიტუაციისა, 2. რამდენად მკაფიო, ნათელი და დამაჯერებელია გეგმა. ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხი არა მჭევრმეტყველებით, არამედ მოქმედებით უნდა გაიზომოს. თუმცა, ამოცანების და მოქმედებების მკაფიოდ განმარტება ამ პროცესს ნამდვილად ხელს შეუწყობს.

მაშ, რას მოითხოვს ჩვენგან ეგზისტენციალური კრიზისის ეს ეტაპი და რისი შესრულება იქნება გამარჯვების საწინდარი? 

დღევანდელი ვითარების აღწერისას ძალიან მოკლედ რამდენიმე შეფასება უნდა გაგიზიაროთ: 

ჩვენმა თითქმის 500-დღიანმა ბრძოლამ გამარჯვება ჯერ ვერ მოგვიტანა, თუმცა, მიგვაღწევინა უმნიშვნელოვანეს მიზნამდე. “ოცნებამ” უდიდესი ძალისხმევისა და საკუთარი დანაკარგების მიუხედავად, ბრძოლა ვერ გააჩერა. 

ჩვენი დაზიანების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება და კიდევ უფრო ზიანდება “ოცნება”. დღეს ის უფრო სუსტია, ვიდრე ბრძოლის დასაწყისში იყო. უფრო აგრესიული და, შესაბამისად,  უფრო სუსტი.

გეოპოლიტიკური ვითარება განუზომლად უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის, ვიდრე იყო. ეს განაპირობა როგორც ჩვენმა სწორმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ბრძოლამ, ასევე გარე ფაქტორებმა.

შესაბამისად, ბრძოლის ამ ეტაპისთვის, გარდა ზოგადი არაღიარებისა და პროტესტისა, გვაქვს სპეციფიკური ამოცანები: 1) ხალხში ბრძოლის ტალღის ენერგიის კონსოლიდაცია, 2) “ოცნების” აწ უკვე დასუსტებული საყრდენების განსაზღვრა და მიზანმიმარღული მუშაობა მათ წასაქცევად, 3) საერთაშორისო სასარგებლო ფაქტორების გამოყენება.

მივყვეთ პუნქტობრივად და გამოვყოთ, რა უნდა გააკეთოს ალიანსმა.

1. პროტესტის ახალი ტალღა

  • ძალის კონსოლიდაცია;
  • პოლიტიკური გზის დანახვა. ალტერნატივა არსებობს, ოცნება სუსტდება;
  • მომავლის განცდა.

ალიანსის შექმნა საერთო ეროვნული კონსოლიდაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. სწორედ ამ ალიანსმა, როგორც დემოკრატიულმა ალტერნატივამ, უნდა გააჩინოს რწმენა და მოტივაცია. კერძოდ, გასაგრძელებელია პოლიტიკური სუბიექტების ინტეგრირების პროცესი. ამისთვის აუცილებელია ყველა კონკრეტულ ინიციატივაზე ამ სუბიექტებთან პრაქტიკული მუშაობა. დაუშვებელია ურთიერთთავდასხმაში ჩაბმა, პროვოცირების შემთხვევაშიც კი. შემდეგი და სწრაფი ნაბიჯი უკვე არსებულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის ფორმის მონახვა და გაფორმებაა. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს პასუხისმგებლობების, ფუნქციების განაწილებას, საერთო ამოცანების კონკრეტიზაციას და ქცევის პრინციპებს. აქ  არ არის საუბარი ალიანსის წევრობაზე, საუბარია შეთანხმებულ მოქმედებაზე.

ასევე, მნიშვნელოვანია იმ საზოგადოებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, ვინც ცალ-ცალკე ებრძვის რეჟიმს. არ იგულისხმება ინდივიდუალური ბრძოლის, ან ცალკეული საკითხების გაფერმკრთალება. პირიქით, საუბარია თითოეული მიმართულების გაძლიერებაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ოპერატიული საკითხების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, აუცილებლად მიმაჩნია საერთო ძალისხმევით მასშტაბური აქციის ორგანიზება და კამპანიის პერიოდში კონსოლიდაციის ამოცანის მიღწევა.

- პოლიტიკური ალტერნატივის განცდა ძალიან ბევრი ფაქტორებით იქმნება. ის აქტიური, მძლავრი, სწორი მოქმედებებით დგება, როგორც შედეგი. 

ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობის მოდუსი. აქ ყველაზე მკაფიოდ ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ ფორმას ვეთანხმები - კამპანიურ რეჟიმში და არა ქაოსურ, ან ინერტულ რეჟიმში მუშაობას. კამპანიური რეჟიმი მოითხოვს ყოველთვიური და ყოველკვირეული ოპერატიული, შინაარსობრივი და საინფორმაციო ამოცანების დასახვას. ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო მუშაობა წარიმართოს ისე (პროპაგანდას ცალკე შევეხები), რომ საზოგადოებისთვის ალიანსის პოზიცია მიმდინარე საკითხებზე და პოტენციურ საფრთხეებზე სანდო და კომპეტენტური იყოს.  მაგალითად, ფასების საკითხი იქნება თუ საერთაშორისო მოვლენა - სწორედ ალიანსი უნდა იყოს, საიდანაც საზოგადოება მოისმენს ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს. 

-  მყისიერად უნდა ჩამოყალიბდეს ალიანსის საგარეო პოლიტიკური ხედვა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა  და შესაძლებლობების მიხედვით. აქაც აუცილებელია საზოგადოების კომპეტენტური წევრების ჩართვა. ეს ხედვა არა თეორიული, არამედ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი უნდა იყოს, რაც ამ "გეოპოლიტიკური ორმოდან" საქართველოს ამოიყვანს. 

-  აუცილებელია ახალი არჩევნების და ტრანზიციის პირობების ჩამოყალიბება. ეს ნათელს გახდის ჩვენი მოქალაქეებისთვის და პარტნიორებისთვის გარდამავალი პერიოდის რეალურ სცენარებს, რაც მომავლის შიშის განცდას შეამცირებს. 

- პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიის გაცოცხლება, რაც პოსტსაარჩევნო პირობებს მოჰფენს ნათელს. 

საერთო ეროვნული კონსოლიდაციისა და პოლიტიკური ალტერნატივის საკითხზე,  ზემოთ მოყვანილი კონკრეტული ნაბიჯებისა და ხედვების ჩამოყალიბების გარდა, მინდა ხაზი გავუსვა ორ ფსიქოლოგიურ ასპექტს, რაც თავისი მნიშვნელობით არანაკლებია. 

ალიანსი უნდა ასხივებდეს კოალიციური მუშაობის სერიოზულ, სოლიდურ და დამაჯერებელ განცდას. რაც არ უნდა კარგი სიტყვები თქვა და ქარტია წარადგინო, თუ ნებისმიერ საკითხში ალიანსის ერთეულები კოალიციურ სიმწიფეს არ გამოავლენენ, მცდელობა ფუჭი იქნება.  ეს ეხება - კომპრომისის უნარს, კრიტიკის მოსმენას, მიღებას და პოლიტიკური სიმწიფის მსგავს გამოვლინებებს. თუ ამ თვისებებით ჩვენ ვერ დავანახებთ საზოგადოებას სიახლეს, არცერთი დაპირება და ქმედება დამაჯერებელი არ იქნება. 

ალიანსმა უნდა დააბრუნოს მომავლის განცდა. ეს საკითხი პროპაგანდასთან ბრძოლის ნაწილია, რომელზეც მოგვიანებითაც გვექნება საუბარი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია საზოგადოების რწმენის დაბრუნებისა და მოქმედებაზე გადასვლის მოტივირებისათვის. 

პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანმიმართული იარაღი იმგვარი ემოციებისა და მდგომარეობის გამოწვევაა, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქეების პოლიტიკურ ქცევაზე, იწვევს აპათიას, მოქმედების დემოტივაციას და სტატუს-კვოს მოფრთხილებას.  პროპაგანდა აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კერძოდ, ნეირომეცნიერების ახალ დასკვნებს ადამიანების ემოციების გავლენაზე და მნიშვნელობაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ქცევაში. განსაკუთრებით კარგად არის შესწავლილი შიშის და უიმედობის ფენომენი, რაც რუსების და რუსული ოცნების მიერ ინტენსიურად გამოიყენება პოლიტიკური აპათიის და უნდობლობის დასანერგად. ეს, თავის მხრივ, სტატუს-კვოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.  ამასთანავე, შესწავლილია ენთუზიაზმის, იმედის ემოციები. 

ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხეში ვუსმენდი ლაშა ბუღაძის და ქეთი დევდარიანის დიალოგს „დაკარგულ დროში“.  ლაშა  ჩვეული და სასიამოვნო ემოციურობით შეეხო ერთ ფსიქოლოგიურ ფენომენს - ადამიანებში განცდას, რომ არასდროს არაფერი შეიცვლება, რომ სულ ასე ჭაობში გვამყოფებს რეჟიმი.  ჩემზე კარგად მის ამ ძალიან მნიშვნელოვან აზრს თავად მოუსმენთ, თუმცა, ამან კიდევ უფრო დამაფიქრა პოლიტიკოსების ვალდებულებაზე, საზოგადოებას ნათლად წარმოადგენინოს  მომავლის ის პერსპექტივა, რაც ამ მცირე ჯგუფის და ივანიშვილის მოშორებით გაგვეხსნება. წარმოადგენინოს ძალიან კონკრეტულ ციფრებში, მოვლენებში, პროცესებში. ეს დღევანდელ დათრგუნულ მდგომარეობაში მართლაც რთული ამოცანაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ალიანსმა  საინფორმაციო მუშაობაში  დრო და ენერგია დაუთმოს არა უბრალოდ რეფორმების წარდგენას, არამედ იმ მასშტაბის გარღვევის ჩვენებას, რაც მართლაც ხელის გაწვდენაზეა. 

2. ოცნების საყრდენების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ მუშაობა

  • პროპაგანდა.
  • დღის წესრიგის შექმნა.
  • პროტესტი.

ამ მხრივ ერთ-ერთი უმსხვილესი ამოცანა რუსული ოცნების პროპაგანდასთან დაპირისპირებაა. დაპირისპირებაში არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ოცნების მიერ მოგონილ ტყუილებზე დისკუსიაში შესვლა, რაც საპირისპირო შედეგს მოიტანს. მაგალითად, თავის მართლება - არის თუ არა ეს ალიანსი კოლექტიური ნაცები.  მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში ცოდნაც და გამოცდილებაც მაკლია, რამდენიმე ამოცანას გამოვყოფ:

- საკუთარი საინფორმაციო ნარატივის შექმნა. ეს შეუძლებელი იქნებოდა გაერთიანების გარეშე, რადგან ამგვარ კამპანიას ერთობლივი მუშაობა და კოორდინირებული მესიჯები სჭირდება. შესაბამისად, ალიანსი საუკეთესო ადგილია, სადაც მცოდნე ადამიანების მოზიდვით  ამ მიმართულებით ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები.  სხვათა შორის, კამპანიური მუშაობა, რაზეც ნიკა გვარამია საუბრობდა, საკუთარი ნარატივის და საინფორმაციო დისციპლინის შექმნასაც გულისხმობს. 

- დღის წესრიგის შექმნა. უნდა შეირჩეს შემტევი თემები, სადაც ქართული ოცნება იქნება მოპასუხის როლში. ასეთი თემები უკვე არსებობს და სამუშაოა მათ განვრცობაზე, ასევე დამატებით საზრუნავია მათ შექმნაზე. ამაზე მეტ კონკრეტიკას მიზანმიმართულად მოვერიდები. 

- პარტნიორებთან ერთად პროპაგანდის საყრდენების მხილება და რყევა. ამის კონკრეტული მექანიზმები არსებობს, თუმცა საჯარო ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ.

პროპაგანდასთან ბრძოლა სრულიად წარმოუდგენელია თავისუფალი საინფორმაციო საშუალებების გარეშე. დღეს არსებული საინფორმაციო საშუალებები განიცდიან უზარმაზარ წნეხს, მათ შორის, ფინანსურს. შესაბამისად, აუცილებელია ყველა რესურსის გაერთიანება საინფორმაციო საშუალებების მხარდასაჭერად. ეს უნდა იყოს არა ტელევიზიების თუ სააგენტოების ცალკე საზრუნავი, არამედ საერთო-ეროვნული ამოცანა, რომელზეც ალიანსი ხალხის სახელით კონკრეტულ ძალისხმევას მიმართავს, რომლის ფორმებზე საუბრისგან ასევე თავს შევიკავებ. 

- ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ერთობლივი მუშაობის გაგრძელება. დღეს ამ საკითხზე ინდივიდუალურად ბევრი აქტორი მუშაობს. აუცილებელია ალიანსის მხრიდან ამ სამუშაოების კოორდინაციის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი, საზოგადოებრივი, ასევე საერთაშორისო კუთხით. 

-  პროტესტი. პროტესტის განვითარება, ყველა მხრივ, ერთ-ერთი ფუნდამენტური ამოცანაა, თუმცა, ამ ნაწილში, სადაც ოცნების საყრდენების შესუსტებაზეა საუბარი, ვგულისხმობ იმგვარი პროტესტის ხელშეწყობას, რომელიც რეპრესიული აპარატის გადატვირთვას, ფუნქციონირების შეფერხებას და საბოლოო დასუსტებას გამოიწვევს. ამ საკითხზე საზოგადოებრივ ჯგუფებთან მჭიდრო კოორდინაციის და ფუნქციების გადანაწილების გზით კონკრეტული შედეგების მიღწევა სრულიად რეალისტურია. 

- ბიზნესთან მუშაობა. ფინანსური სანქციების შემოღებამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა ბიზნესთან მუშაობის დასაწყებად. ამის გაკეთება გაერთიანების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ ეტაპზე ეს მუშაობა ვერ იქნება ხმამაღალი და სრულიად ღია, თუმცა კომუნიკაცია და საფუძვლის ჩაყრა უკვე შესაძლებელია. 

3. საერთაშორისო მუშაობა 

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები სავსეა ტურბულენტობით, სინამდვილეში ეს ტურბულენტობა იმ დაგროვილი პრობლემების მოგვარებითაა გამოწვეული, რომლებიც დიდ საფრთხეს ქმნიდა მსოფლიო მშვიდობისთვის - როგორც არსებულს, ისე პოტენციურს. დასავლეთის სტრატეგიული პაუზა გახდა ის სივრცე, სადაც აკუმულირდა ფეთქებადი პრობლემები. საერთაშორისო სამართალი და ინსტიტუტები ვეღარ უზრუნველყოფდნენ საკუთარი პრინციპების დაცვას, ვერც საზღვრების ურღვეობის პრინციპს, ვერც ადამიანის უფლებების უხეშ გათელვას, ვერც ტერორიზმის საფრთხის აღმოფხვრას, ვერც შეიარაღების გაუვრცელებლობას. ამის პარალელურად წარმოიშვა ახალი ტიპის ავტოკრატიების ქსელი, რომელიც ურთიერთმხარდაჭერის გზით ობსტრუქციას უწყობდა მსოფლიო მშვიდობას. 

დასავლეთის (უპირველესად ამერიკის, მაგრამ ასევე სახეზეა ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის), გააქტიურებამ გამოავლინა, რომ რეალურად ლიბერალური ცივილიზაციების ძალა განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე ბოროტების ღერძი ცდილობდა, წარმოედგინა. ამ ყველაფერს ბიძგი სწორედ უკრაინის წინააღმდეგობამ მისცა, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შოკისმომგვრელი სისასტიკე ისრაელში. 

დღეს დასავლეთის ძალის დემონსტრირებამ: 1. უკუაგდო ავტოკრატიული ტალღის მოძლიერება და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა დესტრუქციული ავტოკრატია/დიქტატურები. ტენდენცია ზუსტად საპირისპიროა. 2. სამხრეთ კავკასიაში გამოიწვია საუკუნის მნიშვნელობის გარღვევა. 3. გაიხსნა ევროკავშირის კარი. 4. საფუძველი ჩაიყარა შავი ზღვის რეალური უსაფრთხოების შესაქმნელად. 5. გააძლიერა აშშ ცენტრალურ აზიაში. 6.დაიწყო ახლო აღმოსავლეთის კვანძის გახსნა. 

ყველა ეს მოვლენა  საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების პერსპექტივას პირდაპირ უკავშირდება არნახული მასშტაბით.

შესაბამისად, საქართველოში უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც ამ ცვლილებების განხორციელებაში დასავლეთის სანდო პარტნიორი იქნება. ოღონდ, პოლიტიკური პარტნიორობა გულისხმობს ხალხის ლეგიტიმაციის მქონე ძალის არსებობას და არა კომპეტენციას, ან რამე სხვას. შესაბამისად, ამის ერთადერთი შანსი გაერთიანებულ, დემოკრატიულ ალტერნატივას აქვს, რომელმაც შექმნის დღიდან პროაქტიულად უნდა შესთავაზოს დასავლეთს რეგიონული საკითხებისა და რუსეთის საქართველოდან მშვიდობიანი გაყვანის საქმეში პარტნიორობა. სწორედ ეს მანდატი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა აქვს დღეს ალიანსს - და გადაჭარბების გარეშე, ისტორიულიც. ამ მანდატის განხორციელების  ძალიან მყარი საფუძველი უკვე შექმნილია:

  • სახალხო წინააღმდეგობა, პოლიტიკური კლასის გაუტეხლობა;
  • დასავლეთის ინტერესი რეგიონში;
  • არაღიარების პოლიტიკა, რომელიც უკვე ითარგმნა რეჟიმის სრულ იზოლაციაში. 

ამგვარად, ალიანსის შექმნა მართლაც ბრძოლის ახალ ეტაპია და წარმატების პირობებში გამარჯვება აბსოლუტურად კონკრეტულად და რეალისტურად გამოიყურება. ალიანსი გამარჯვებისთვის - არა ლამაზი, სასურველი სიტყვები, არამედ გააზრებული გეგმაა. 

კომენტარები