აზერბაიჯანი-ირანი

აზერბაიჯანში დააკავეს პირები, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აფეთქებას გეგმავდნენ

კადრი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის აფეთქების დაგეგმვის საქმეზე ჩატარებული ოპერაციიდან
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმის სამიზნეებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა იყო შერჩეული.

საქმის ფარგლებში დაკავებულმა აზერბაიჯანის 8 მოქალაქემ აღიარა, რომ იმ პირების დავალებებს ასრულებდა, რომლებიც IRGC-სთან იყვნენ დაკავშირებული. 

გამოძიება მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებების ორგანიზებას IRGC-ის სადაზვერვო დანაყოფის ოფიცერი, ალი აშგარ ბორდბარ შერამი ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანმა ირანის 4 მოქალაქეზე მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ აზერბაიჯანში სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული მოქმედებების მომზადებას ედავებიან.

სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი საქმის ოთხ ფიგურანტზე. ტარხან გულიევს, ნიჯატ აგაევს, ასად აბდულაევს და რაშად რუსტამოვს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კომენტარები