ირანში იმედოვნებენ, რომ რუსული ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის გავლით მიწოდება ახლო მომავალში დაიწყება. რუსეთში ირანის ელჩის, ყასიმ ჯალალის თქმიღ, გაზპრომთან თითქმის ყველა პრობლემა უკვე გადაჭრილია. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
"ვიმედოვნებთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში გამოვა. ახლა მოლაპარაკებებს ვატარებთ გაზპრომთან, პრაქტიკულად ყველა საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მაგრამ საჭიროა ფასთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა. თუ ეს საკითხიც მოგვარდება, ყველაფერი დაიწყება." - თქვა ჯალალიმ.
აქამდე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა, რუსეთისა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების მე-18 სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის დროს განაცხადა, რომ, არსებული ინფრასტრუქტურის საშუალებით, ირანისთვის აზერბაიჯანის გავლით რუსული გაზის პირველი მიწოდება უკვე 2025 წელს დაიწყებოდა და მოცულობა წელიწადში 1.8 მილიარდ კუბურ მეტრამდე იქნებოდა.
გასულ თვეებში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. ბაქოს დაძაბული ურთიერთობა აქვს თეირანთანაც.





