ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს ქართული ოცნების მიერ გრანტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
"ლატვია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და უცხოურ დაფინანსებას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებიას" - წერია განცხადებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ეხმაურება საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის ოფიციალურად გაუქმებას:
"ევროკავშირის გადაწყვეტილება, შეაჩეროს უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში ქვეყნის უკუსვლის შედეგია. ლატვიამ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში მიიღო" - ნათქვამია განცხადებაში.
4 მარტს, ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო გრანტების რუსული კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი - ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
რეჟიმი ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.





