აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ბრიტანეთი კვიპროსის მიმართულებით საჰაერო თავდაცვის მქონე ხომალდს გზავნის

HMS Dragon

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა თქვა, რომ კვიპროსზე მდებარე საჰაერო ბაზის დასაცავად საბრძოლო ხომალდ HMS Dragon-ს, ვერტმფრენებსა და დრონსაწინააღმდეგო შესაძლებლობებს გაგზავნიან.

HMS Dragon-ი საჰაერო თავდაცვის მქონე გამანადგურებელი ხომალდია. სტარმერის თქმით, გაერთიანებული სამეფო "სრულად ერთგულია კვიპროსისა და იქ ბაზირებული ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების მიმართ".

აქამდე გავრცელდა ცნობა, რომ ბრიტანეთს კვიპროსზე მდებარე აკროტირის საჰაერო ბაზის დასაცავად შესაძლოა ხომალდი HMS Duncan-ი გაეგზავნა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, კვიპროსზე მდებარე ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე იერიში ირანმა შაჰედის ტიპის დრონით ცადა.

აქამდე, იერიშის წინა ღამეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი ამბობდა, რომ კვიპროსის მიმართულებით ირანმა ორი რაკეტა ისროლა. თუმცა, დაამატა, რომ მათი სამიზნე, ვარაუდების მიხედვით, კვიპროსი არ ყოფილა. როგორც კვიპროსის პრეზიდენტი, ისე კვიპროსელ თურქ სეპარატისტთა ლიდერი ირწმუნებოდა, რომ რაკეტები კუნძულის მიმართულებით არ მიემართებოდნენ.

პირველი მარტის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ირანი საფრთხეს უქმნიდა რეგიონში არსებულ ბრიტანეთის ინტერესებსა და მოქალაქეებს. მისივე თქმით, სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა ბრიტანეთს თავდაცვაში დახმარება სთხოვეს. სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ "ახლა" იერიშებში ჩართვას არ აპირებენ, თუმცა პარტნიორებს თავდაცვაში კვლავ დაეხმარებიან. მან ასევე თქვა, რომ რეგიონში ირანული დრონების ასარიდებლად გაგზავნიან ბრიტანელ და უკრაინელ ექსპერტებს.

კომენტარები