დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც თქვა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანული დრონების მოგერიებაში ბრიტანელი და უკრაინელი ექსპერტები დაეხმარებიან. ბრიტანეთის პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ იერიშებში "ახლა არ ჩაერთვებიან".
"ჩვენ არ ვუერთდებით ამ იერიშებს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს თავდაცვით მოქმედებებს რეგიონში. ჩვენ ჩამოვიყვანთ ექსპერტებს უკრაინიდანაც, ჩვენს ექსპერტებთან ერთად, რათა [სპარსეთის] ყურის ქვეყნებს დავეხმაროთ ირანული დრონების ჩამოგდებაში, რომლებიც მათ თავს ესხმიან." - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა.
სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი არ უერთდება აშშ-სა და ისრაელის იერიშებს, თუმცა გააგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს. მისი თქმით, რეგიონში ირანი საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის მოქალაქეებსა და ინტერესებს. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურეში პარტნიორებმა ბრიტანეთს თავდაცვაში დახმარება სთხოვეს.
ბრიტანეთის პრემიერმა დამატებით თქვა, რომ ახსოვთ "ერაყის შეცდომები და ეს გაკვეთილები ნასწავლია".
"თავდასხმით მოქმედებებს ახლა არ შევუერთდებით." - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა და დაამატა, რომ ირანი მიჰყვება "გადამწვარი მიწის სტრატეგიას", ამიტომაც, გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს მოკავშირეთა კოლექტიურ თავდაცვას.
"ბრიტანეთის მთავრობა იცავს ბრიტანულ ინტერესებსა და ბრიტანულ სიცოცხლეს." - დაასრულა მიმართვა სტარმერმა.





