როგორც გამოცემა Reuters ევროკავშირის საზღვაო მისიაზე დაყრდნობით წერს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ხომალდებს უგზავნის ტრანსლაციას, რომლის მიხედვითაც “ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არცერთ გემს არ აქვს”.
გამოცემა ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის დახურვის ბრძანება ოფიციალურად არ დაუდასტურებია. თუმცა, Reuters ასევე აღნიშნავს, რომ თეირანის რეჟიმი თავდასხმის შემთხვევაში მისი დაკეტვით წლების განმავლობაში იმუქრებოდა.
პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტო (UKMTO) ასევე წერს, რომ რიგი გემებისგან მიიღო შეტყობინებები რადიოტრანსლაციების შესახებ, რომელთა თანახმადაც ჰორმუზის სრუტე დაკეტილია.
UKMTO აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები სამართლებრივად დამავალდებულებელი არ არის და საერთაშორისო სამართლის ქვეშ კანონიერ შეზღუდვას არ წარმოადგენს.
“UKMTO რეგიონში მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივობის ფონზე საზღვაო უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს და სპარსეთის ყურეში მოქმედი ხომალდების კომპანიის უსაფრთხოების ოფიცრებისგან (CSO) რამდენიმე ცნობა მიიღო, რომელთა თანახმადაც, რადიოტრანსლაციები VHF სიხშირის მე-16 არხზე აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე დაიკეტა. ეს ცნობები დამოუკიდებლად გადამოწმებადი ამ დროისთვის არ არის.
მეზღვაურებს ვაცნობებთ, რომ ტრანსლაციები VHF სიხშირეზე ან განცხადებები, რომლებიც ჰორმუზის სრუტის დახურვაზე მიუთითებს, სამართლებრივად დამავალდებულებელი არ არის და საერთაშორისო სამართლის ქვეშ, მათ შორის, საზღვაო სამართალზე გაეროს კონვენციის მიხედვით, ნავიგაციის კანონიერ შეზღუდვას არ წარმოადგენს, თუკი ისინი არ არის დანერგილი და აღსრულებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოების შესაბამისად.
ისინი ფართო რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე მიუთითებს. მართალია, სამხედრო ძალებმა შესაძლოა უნებლიე შეტაკების რისკის შესამცირებლად გამაფრთხილებელი ზონები ჩამოაყალიბოს, თუმცა ეს ნეიტრალური ან სავაჭრო საზღვაო ნავიგაციის შეფერხებას არ ისახავს მიზნად და ხომალდებს საერთაშორისო წყლების ნავიგაცია თავისუფლად შეუძლიათ”. - წერია განცხადებაში.





