TV იმედის მტკიცებით, სანქციების მიუხედავად, მათ "არანაირი, მათ შორის, არც ფინანსური პრობლემა" არ ექნებათ. სანქცირებული ტელევიზია ირწმუნება, რომ "რამდენიმე ბანკი" მზადაა, მათ საბანკო მომსახურება გაუწიოს, თუმცა, TV იმედის ცნობით, "ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში", შექმნიან საკუთარ ბანკს - "იმედის ბანკი“.
"ტელეკომპანია იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენს მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ იმედს არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.
არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ იმედს მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.
ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს - ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.
ტელეიმედი დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანაშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.
გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, იმედის ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი“.
აქ იმედია!" - ნათქვამია განცხადებაში.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.
სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრს TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის მოთხოვნით 4-მა წევრმა მიმართა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ. მათ განცხადების დაჩქარებული წესით, 1 დღეში განხილვა მოითხოვეს. რეესტრის ვებგვერდზე 19:38 საათზე აიტვირთა განახლებული ამონაწერი, რომლის თანახმადაც ოთხივე პირის განცხადება დაკმაყოფილდა და ისინი TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აღარ არიან.
სამეთვალყურეო საბჭოში ერთადერთი წევრი - მაკა ლომიძე დარჩა, რომელიც TV იმედის დირექტორის თანამდებობას იკავებს.





