TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

სანქცირებული TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის მოთხოვნით რეესტრს 4-მა წევრმა მიმართა

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათი

გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებიდან მეორე დღეს,  25 თებერვალს, საჯარო რეესტრს TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის მოთხოვნით 4-მა წევრმა მიმართა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ატვირთული განცხადებების თანახმად სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა მოითხოვეს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კალანდარიშვილმა, წევრებმა - გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ. 

ოთხივე მათგანმა განცხადების დაჩქარებული წესით, 1 დღეში განხილვა მოითხოვა

განახლება: რეესტრის ვებგვერდზე 19:38 საათზე აიტვირთა განახლებული ამონაწერი, რომლის თანახმადაც ოთხივე პირის განცხადება დაკმაყოფილდა და TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აღარ არიან.

სამეთვალყურეო საბჭოში ერთადერთი წევრი - მაკა ლომიძე დარჩა, რომელიც TV იმედის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

"გაცნობებთ, შპს "ტელეიმედში" მომხდარი მფლობელობის ცვლილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო შპს "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის/წევრის პოზიცია, რის შესახებაც მიმდინარე წლის 6 თებერვალს წერილობით ვაცნობე შპს "ტელეიმედს". 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ შპს "ტელეიმედის" რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია" - წერია რუხაძის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 თებერვალს ირაკლი რუხაძის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ იგი სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის მფლობელი აღარ იქნება და 50% შპს პრაიმ მედია გლობალის, 50% კი იმედის აღმასრულებელი დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში გადავა.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია

კომენტარები